კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს

ევროკავშირი მომავალში ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს და ყურადღებას კლიმატისთვის ნაკლებად მავნე ენერგიის წყაროების პოპულარიზაციაზე გაამახვილებს. ინფორმაციას გერმანული სააგენტო DPA ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები Trans-European Networks for Energy-ის, იგივე, TEN-E-ს რეგლამენტის ცვლილებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ქსელების გაფართოებას არეგულირებს.

განახლებული რეგლამენტი, ევროკავშირის კლიმატის მიზნების მისაღწევად, ენერგიის წარმოებაში ახალ პრიორიტეტებს ადგენს. ეს არის ქარის სანაპირო ელექტროსადგურების ქსელისა და სუფთა ენერგიის წყაროების, მაგალითად, წყალბადის ხაზის განვითარება. მხოლოდ წიაღისეული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი პროექტები ევროკავშირის მხარდაჭერით მომავალში ვეღარ ისარგებლებენ.

პროექტების დაფინანსება მხოლოდ ე.წ. ზოგადი ინტერესის პროექტების (Projects of Common Interest-PCI) მეშვეობით მოხდება, რომლის დამტკიცებაც კიდევ უფრო დაჩქარდება და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა ექნება. PCI არის პროექტების კატეგორია, რომელსაც ევროკავშირი ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირების ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევს. ამ პროექტებს სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება აქვთ. PCI-ის სია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება.

ნოემბერში ევროკომისიამ PCI-ის ახალი სია წარადგინა, თუმცა ის კვლავ მოიცავს გაზის პროექტებს, რომლებიც წინა სიის ნაწილია. მათ შორის არის მალტასა და კვიპროსზე უკვე დაგეგმილი გაზსადენები, რომლებმაც გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია.

მართალია, TEN-E-ს რეგლამენტის ცვლილებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა, როგორც წესი, ეს ფორმალობად ითვლება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშრი, „მწვანე ენერგიაზე გადასვლის“ ფარგლებში, ბუნებრივი აირის იმპორტზე გრძელვადიან კონტრაქტებს 2049 წლიდან აღარ გააგრძელებს, რაც რუსეთისთვის მეტად წამგებიანია.

ევროკავშირი 2030 წლისთვის, 1990 წელთან შედარებით, გამონაბოლქვის, მინიმუმ, 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად, ხოლო 2050 წლისთვის სურს, კლიმატურ ნეიტრალიტეტს მიაღწიოს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply