აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ევროკავშირის მოკავშირეებს, რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტზე მუშაობა დაასრულონ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
მისი ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები ერთობლივად ამოქმედდება, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება.
მედიის ცნობით, დაჩქარების მიზეზი ისიცაა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის ნიშნები არ აჩვენა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სანქციების კონკრეტულ ვარიანტებზე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ზედმეტად ნაჩქარევი ზომების განსაზღვრამ, შესაძლოა,კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობებს ძირი გამოუთხაროს.
სანქციების წინადადებების საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ოფიციალური პირები ჯერ კიდევ აფასებენ იმ ზომების პოტენციურ ეკონომიკურ და სამართლებრივ ზემოქმედებას, რომლებიც შემოჭრის შემთხვევაში იქნება დაწესებული.
ამასთან, ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო დამოკიდებულნი არიან რუსეთზე ენერგეტიკისა და სხვა იმპორტის კუთხით, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითად საქონელზე და მათ ეკონომიკაზე გარკვეული ზომების გავლენით ასევე შეშფოთებულნი არიან.
სიის ზოგიერთი პოტენციური ნაბიჯი, როგორიცაა რუსეთის გათიშვა SWIFT გადახდის სისტემიდან, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სხვა ბაზრებზე შესაძლო პრობლემების გამო, რომლებზეც რუსული ექსპორტი მოდის, უკიდურესად პრობლემურად არის მიჩნეული.
კიდევ ერთი შეშფოთება ენერგეტიკული ფასების ზრდის ფონზე გაზის ექსპორტის შეჩერების პერსპექტივა არის, რადგან რუსეთი ევროპული მარაგების დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.