საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. როგორც ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა განმარტავს, ვადის გადაწევის მიზეზი სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზადობაა.
იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა:
ქ-ნი ირინას სიტყცებით, საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის და, მათ შორის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ბაზრის მოდელის კონცეფციით. ახალი მოდელის სიახლე მხოლოდ ენერგეტიკული ბირჟა არ არის. ახალი მოდელის მთავარი სიახლე და, იმავდროულად, გამოწვევაც არის საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა და ბაზრის მონაწილეებისათვის უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ თვალსაზრისით, მნიშნელოვანია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ეფექტიანი ამოქმედება, სადაც მოხდება როგორც ბაზრის ყველა სეგმენტზე ვაჭრობის შედეგების, ასევე ბაზრის მონაწილეების მიერ მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი საათობრივი მონაცემების თავმოყრა და უბალანსობის განსაზღვრა. ამ მოდელში, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ბაზრის მონაწილეების მიერ უბალანსობის შემცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილეებს, დააბალანსონ მათი სავაჭრო პოზიციები.
“შესაბამისად, როდესაც ბირჟის ამოქმედების თარიღზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სეგმენტის, არამედ მთელი სისტემის მზადყოფნა ახალი მოდელისთვის, რომელიც მოიცავს გამართული სამართლებრივი ბაზის არსებობას, ბაზრის ყველა სეგმენტის გამართულ მუშაობას, სისტემის ოპერატორების მზადყოფნას, აღრიცხვის სისტემების გამართულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ბაზრის მონაწილეების მზადყოფნას ახალი მოდელისათვის. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა ახალი მოდელის კიდევ ერთხელ გადავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად” – განმარტავს ქ-ნი ირინა.
და ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ხსენებულის გამო, ბირჟამ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან ერთად, წლის დასაწყისში დაწყებული ერთობლივი სატესტო ვაჭრობა ოქტომბრიდან უკვე უწყვეტ რეჟიმში გადავიყვანა, იმისთვის, რომ ბაზრის რეალურ გაშვებამდე ყველა შესაძლო პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა მოხდეს: “ვფიქრობ, რომ დარჩენილი დრო სრულიად საკმარისი იქნება ამისთვის” – ამატებს ის.
ნინო სამადაშვილი