მსოფლიო ყველაზე ჭუჭყიანი წყაროდან წელს, სავარაუდოდ, უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ქვანახშირის საწვავზე მომუშავე გენერაცია გასულ წელთან შედარებით 9%-ით იზრდება. ორგანიზაციის განცხადებით, წინა ორი წლის კლების შემდეგ, ასეთი შემობრუნება საფრთხეს უქმნის 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიების მიზნის მიღწევას.
IEA-ს შეფასებით, ნახშირის მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა, დაახლოებით 20%, ფიქსირდება აშშ-სა და ევროკავშირში. მათ 12%-იანი ზრდით მოსდევს ინდოეთი. 9%-იანი მატება ფიქსირდება ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში ქვანახშირის საწვავის უდიდესი მომხმარებელია.
“ნახშირი გლობალურად ნახშირბადის გამონაბოლქვის უდიდესი წყაროა და ნახშირის ენერგიის წარმოების წლევანდელი ისტორიულად მაღალი დონე არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორს არის მსოფლიო მცდელობისგან, ემისიები ნულამდე შემცირდეს”, – ამბობს IEA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი.
ანალიტიკოსები ქვანახშირის საწვავზე ზრდას პანდემიის შემდგომი ეკონომიკის აღდგენით ხსნიან.
ბუნებრივი აირის რეკორდულად გაზრდილმა ფასმა გაზარდა დამოკიდებულება ენერგიის სხვა წყაროებზე, მათ შორის ქვანახშირზე. ევროპაში ელექტროენერგიის ფასები გასული ექვსი თვის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და ნახშირის წვა უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე გაზი.
ვარაუდობენ, რომ 2024 წელს ნახშირორჟანგის ემისიების მოცულობა მინიმუმ 3 მილიარდი ტონით მეტი იქნება, ვიდრე დაგეგმილია სცენარით, რომლითაც მსოფლიო 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევას ცდილობს.
IEA-ს პროგნოზით, ქვანახშირის საწვავის მოხმარების პიკი იქნება მომავალ წელს და ის 8,11 მილიარდი ტონას მიაღწევს. წარმოების ყველაზე დიდი ზრდა იქნება ჩინეთიდან, რუსეთიდან და პაკისტანიდან.
წყარო: “ბიზნესფორმულა”