Goldman Sachs-ის ექსპერტები უშვებენ 2023 წელს ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”.
ექსპერტების აზრით, ამ ზრდის მთავარი მიზეზი იქნება, ერთი მხრივ, მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ნავთობის მიწოდების ძალიან ნელი ზრდა და მეორე მხრივ, ნედლეულზე მოთხოვნილების ზრდა 2022 და 2023 წლებში რეკორდულ დონემდე.
Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, 2022-2023 წლებში Brent მარკის ნავთობის ფასი იქნება საშუალოდ 85 დოლარი/ბარელზე. თუმცა, ნავთობმომპოვებბელი კომპანიებისთვის ხარჯების გაზრდის გამო, ასევე მიწოდების მოულოდნელი დეფიციტის გამო, მან შესაძლოა სამნიშნა რიცხვს მიაღწიოს, ამბობს Goldman Sachs-ის ექსპერტი დემიენ კურვალინი. მისი თქმით, ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს 110 დოლარამდე ბარელზე, თუ მიწოდება არასაკმარისი იქნება მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ბანკის ანალიტიკოსები ნავთობის ბაზრის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მაშინაც კი, როცა ნედლეულზე ფასი მიმდინარე წელს 40%-ზე მეტად გაიზარდა.
მოთხოვნილება ყველა ენერგომატარებელზე, მათ შორის ბენზინსა და დიზელის საწვავზე, ახლა რეკორდულ დონეზეა და მოსალოდნელია, რომ მოხმარება ახალ მაქსიმუმს მიაღწევს 2022 და 2023 წლებში, თვლის დემიენ კურვალინი.
უახლოეს პერიოდში ავიასაწვავის მოხმარება კვლავ შემცირებული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ფრენებზე შეზღუდვების გამო. თუმცა საზღვრების გახსნის შემდეგ, მგზავრობაზე გადადებულმა მოთხოვნილებამ შეიძლება გამოიწვიოს ავიასაწვავის მოხმარების ზრდა, პროგნოზირებენ ბანკში.
Goldman-ის ექსპერტები ელიან მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების სტაბილურ ზრდას ამ ათწლეულის ბოლოსთვის – 2030 წლისთვის ის გაიზრდება დაახლოებით 106 მილიონ ბარელამდე/დღეში.