საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო შტატებში ფიქალის ნავთობის მოპოვების ზრდას 2019 წლის მაქსიმალურ მაჩვენებლებამდე უკვე 2022 წელს ელის.
ამის გამო სააგენტო მომავალ წელს, ოპეკ-ის მიერ ნავთობმოპოვების დაგეგმილ მოცულობებში ზრდის შემთხვევაში, დღე-ღამეში 2 მლნ. ბარელი შავი ოქროს პროფიციტს პროგნოზირებს.
თუმცა, ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო და ოპეკი ამ შეფასებას არ იზიარებენ – ისინი მიიჩნევენ, რომ ფიქალის ნავთობის ინდუსტრიამ ზრდის პოტენციალი უკვე ამოწურა და მოპოვების მნიშვნელოვანი მატებისთვის აუცილებელია მასშტაბური ინვესტიციები ახალ საბადოებში.
ენერგეტიკული სააგენტო თავის პროგნოზში ბოლო თვეების სტატისტიკას ეყრდნობა – კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში შტატებში ნავთობის მოპოვება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპებით იზრდებოდა.
ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წელს ისტორიულ მაქსიმუმებს ასევე მიაღწევს ნავთობმოპოვება ბრაზილიაში და კანადაში. ამას ასევე ემატება ისიც, რომ ოპეკ+-ს ქვეყნები, პირველ რიგში საუდის არაბეთი და რუსეთი, 2022 წლის მეორე ნახევარში 2019 წლის კვოტებს მთლიანად დაუბრუნდებიან, და ჯამურად ყველა ეს ფაქტორი ბაზარზე ნავთობის ჭარბ მიწოდებას ხელს შეუწყობს.
შტატებში ნავთობმოპოვებამ მაქსიმალურ დონეს 2019 წელს მიაღწია – საშუალოდ 12,2 მლნ ბარელი დღე-ღამეში, ხოლო 2021 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 11,1 მლნ. ბარელს მიაღწია, მათ შორის 8,2 მლნ. ფიქალის ნავთობზე მოდის.
სააგენტო მიიჩნევს, რომ მომავალ წელს საშუალო დღიური მოპოვება 12,2 მლნ-ს გადააჭარბებს. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, საშუალო მოპოვება 2022 წელს 11,1 მლნ. ბარელის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც 2020 წელთან შედარებით 0,9%-ით ნაკლებია.
შესაბამისად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს აზრს მნიშვნელოვნად – 1,1 მლნ. ბარელით დღე-ღამეში აღემატება. 2019 წელზე ნაკლებ მოპოვებას – საშუალოდ 1,78 მლნ. ბარელს – ოპეკი-ც პროგნოზირებს.
„ეს პროგნოზი ითვალისწინებს ინვესტიციების სიმცირეს, ხელმისაწვდომი საბადოების შეზღუდულ რაოდენობას და მუშახელის დეფიციტს“, – ნათქვამია ოპეკ-ის ანგარიშში.
ფიქალის ნავთობის მოპოვების სტატისტიკა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ფრთხილ პროგნოზებს ადასტურებს – 2020 წლის იანვრიდან ჭაბურღილების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა და ნოემბერში მათმა ჯამურმა რაოდენობამ 4 800 ერთეული შეადგინა, რაც 40%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის დასაწყისში.
სავარაუდოდ, ფიქალის ნავთობის ამერიკელმა მწარმოებლებმა მინიმალური ინვესტიციებით მოპოვების სწრაფი ზრდის პოტენციალი ძირითადად ამოწურეს და ამ ეტაპზე წარმოების მატება ბევრად უფრო მსხვილ ინვესტიციებს და უახლოეს თვეებში ახალი საბადოების მეტად აქტიურ ათვისებას საჭიროებს.
წყარო: “კომერსანტი”