ილონ მასკის განცხადებით, პირველ CyberTruck-ს ოთხი ძრავა ექნება

2022 წელს, პირველი CyberTruck-ის საწარმოო ხაზში ჩაშვებას უამრავი ჩვენგანი ელოდება. ყველას გვაინტერესებს, თუ რა იქნება მასში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მისი წარმოების პერიოდი ასე ძლიერ გაახანგრძლივა. შესაბამისად, დროდადრო ისეთ სიახლეებსაც ვიგებთ, რაც ჩვენს ავტომოყვარულ ცნობისმოყვარეობას მცირედით, თუმცა მაინც აკმაყოფილებს.

როგორც ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იუწყება, პირველ CyberTruck-ებს 4 ძრავა ექნება. მისი განმარტებით, ამგვარად ავტომობილს შეეძლება, ინდივიდუალური, დამოუკიდებელი კონტროლი ჰქონდეს თითოეულ საბურავზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტრომობილის მაბრუნებელ მომენტს, იმავე თორქს.

თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეტალი ავტოინდუსტრიაში და თუნდაც ელექტრომობილების ინდუსტრიაში სიახლე სულაც არ გახლავთ. მსგავს მექანიზმს კიდევ ერთი ელექტროპიკაპების მწარმოებელში, Rivian-ის R1T მოდელშიც ვხვდებით.

გარდა ამისა, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახალ მოდელს წინა და უკანა წამყვანი თვლები ექნება. შეგახსენებთ, რომ იმავე ფუნქციონალს Hummer-ის ახალი ელექტრომობილიც გვთავაზობს. ოთხივე წამყვანი თვალი აქვს Nissan-ის e-4orce ავტომობილსაც, რომლის ტექნოლოგიაც მთავარის რობოტების პროტოტიპებშიც კი გამოიყენება.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Tesla-მ საკუთარი საიტიდან CyberTruck-ის ყველა სპეციფიკაცია და ფასები აიღო. ავტომობილის მომავალი მფლობელები, დამატებით 100 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, თავიანთი შეკვეთის კონფიგურირებას თავად  შეძლებენ მას შემდეგ, რაც Tesla CyberTruck-ის წარმოებას დაიწყებს. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალ წელს არის დაგეგმილი.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply