საწვავი რომ არ გაძვირდეს კურსი 2.2–ს უნდა ჩამოსცდეს

რამდენიმე დღეში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდება. ნავთობ იმპორტიორები მიზეზად საწვავზე საერთაშორისო ფასის ზრდას და ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ. არსებული ფასის შენარჩუნება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კი 1 ლარი დოლართან მიმართებაში 2.2 ლარის ნიშნულამდე გამყარდება.

ნავთობ იმპორტიორები ამბობენ, რომ საწვავის გაძვირება გარდაუვალია. იმპორტიორთა ერთი ნაწილის განცხადებით, გაუფასურებული ლარი ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვნად აძვირებს და საწვავზე არსებული ფასის შენარჩუნება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი 1 დოლარი 2,2 ლარი ეღირება.

რამდენიმე დღეში იმპორტირებული საწვავის ახალი პარტია შემოვა, შესაბამისად, ეს რეალობა საცალო ბაზარზეც მოახდენს გავლენას.
კომპანია „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, ორი კომპონენტის – საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებისა და ლარის კურსის გაუფასურების ერთობლიობა, ნავთობ იმპორტიორებს ფასის ზრდის წინაშე კიდევ ერთხელ აყენებს.

„მორიგი გაძვირება გამორიცხული არ არის, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე საწვავი თითქმის ყოველდღიურად ძვირდება – ხან მცირედით, ხანაც მკვეთრად. ეს რეალობა ფასის მატების გარდაუვალობას ქმნის. ყოველი ახალი პარტიის შემოტანისას თვითღირებულება იზრდება. ჩვენ მაქსიმალურად გვიან ვიღებთ ფასის კორექტირების გადაწყვეტილებას, სანამ იაფი საწვავის უკანასკნელი რესურსი არ ამოგვეწურება” ამბობს შავლეგ მიშველაძე.

ნავთობკომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ასევე ადასტურებს საწვავის მოსალოდნელ გაძვირებას. იგი აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის შემოსვლის შემდეგ ბენზინისა და დიზელის ფასი 1.64–1.70 ლარი გახდება.
„საწვავის კიდევ უფრო გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. საერთაშორისო ბაზარზე „პლატცის“ მიხედვით ბენზინი გაძვირდა. ახალი პარტია უკვე შემოდის და მისი თვითღირებულება მაღალი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, საწვავის ისედაც გაზრდილი თვითღირებულება საბითუმო ფასში ფორმირებისას კიდევ უფრო გაიზრდება. რასაკვირველია, ასევე მოიმატებს საცალო ფასიც. დაახლოებით ერთ კვირაში ახალი პარტიის განბაჟება მოხდება და სავარაუდოთ ახალი ფასიც დადგინდება“, – ამბობს ზაალ იაკობაძე, რომელიც ახალი პარტიის განბაჟებას ელოდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ბენზინი 180 დოლარით გაძვირდება. ამასთანავე, ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება და თუკი საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავი გაძვირდა, ეს ობიექტური აუცილებლობით იქნება გამოწვეული.

„დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია – ლარი არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული, რომელმაც პრობლემა შეუქმნა დოლარში შემოტანილ ყველა პროდუქტს. საწვავის ფასზე, ძირითადად, ორი ფაქტორი მოქმედებს: ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში და საწვავის საერთაშორისო ფასი. ლარის კურსის თაობაზე ყველასთვის ცნობილია, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, იქ ნავთობის გაძვირების ტენდენციები მზარდია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ბენზინი 180 დოლარით გაძვირდა, პირველი აპრილიდან კი – 80 დოლარით. ბუნებრივია, ამ დროს საწვავის ფასი საქართველოს საცალო ქსელშიც იმატებს. დღემდე ერთ ლიტრ საწვავზე სამჯერ შეიცვალა და იგი 12–15 თეთრით გაძვირდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიები საწვავს მკვეთრად არ აძვირებენ. ამასთანავე, ფასის ზრდა საწვავის საერთაშორისო ღირებულებისა და ლარის კურსის პირდაპირპროპორციული არ არის“ ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ამჯერად 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი „პლატცის“ მიხედვით 669 ლარია, ხოლო 1 ტონა დიზელი („ელ–62“) 586 დოლარი ღირს. საერთაშორისო ექსპერტები ნავთობის ღირებულების მკვეთრ ზრდას არ ელიან, თუმცა ისინი შემცირებასაც გამორიცხავენ.

რაც შეეხება ლარის კურსს, დღეს 1 დოლარი 2,3567 ლარი ღირს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს, თუმცა ისიც ცხადია, რომ დოლარის ღირებულების 2.2 ლარამდე ჩამოსვლას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება.

წყარო: რეზონანსი

Leave a Reply