აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს. ამასთან, დე ფაქტო სამართალამცველებმა გამოავლინეს და დალუქეს მაინინგ-აპარატურის სარემონტო საამქრო. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
აფხაზეთის ენერგოსისტემასთან „უკანონო მიერთების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კრიპტოვალუტის მოპოვების რამდენიმე ობიექტი და მფლობელი დადგინდა: გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში – ტიმურ ძიძარია, იმავე რაიონის სოფელ ხიფსტაში – ოსმან ჩამაგუა, ქალაქ სოხუმში – იგორ ბარაბაში და სოხუმის რაიონის სოფელ ბასლათაში – ეფრემ კვარჩია, რომლისგანაც ივლისში, ასევე, 26 მოწყობილობა ამოიღეს.
ამოღებული აპარატურის საერთო რაოდენობამ 93 ერთეული შეადგინა. კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობების მფლობელებზე ადმინისტრაციული ოქმები შედგა. დე ფაქტო სამართალდამცველები ამჟამად სარემონტო საამქროს მეპატრონეებს ეძებენ.
EnergyNews EnergyNews.ge