რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ – განმარტება

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ, ამჯერად ორი თვით გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა და სავაჭრო პლატფორმების დამატებითი ტესტირების საჭიროება სახელდება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენერგეტიკულ ბირჟაში განუცხადეს, ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებლებმა და შემსყიდველებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ საათობრივ ჭრილში, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და მოიხმარენ.

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, კომპანიების მხრიდან არასაკმარისი მზაობის ფონზე გამოწვევად რჩება თავად აღრიცხვიანობის სისტემაც, რაზეც პასუხისმგებელი სახელმწიფო ელექტროსისტემაა.

„დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, კომპანიებმა საკუთარი გენერაცია და მოხმარება საათობრივ ჭრილში უნდა დაგეგმონ და სწორედ უბალანსობის საკითხზე იყო გარკვეული კითხვები ბიზნესისგან. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ივლისში დამატებით 30 მსხვილი საწარმო გავიდა ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე და ეს პერიოდი მათთვის ობიექტურად არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პროცესისთვის მოსამზადებლად. ამასთან, გამოწვევად რჩება აღრიცხვიანობაც, რადგან აქამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა, როგორც გადაცემის ოპერატორი თვეში ერთხელ იღებდა მრიცხველის ჩვენებას, ახალი მოდელის პირობებში ამ მონაცემების აღება ყოველსაათობრივად უნდა უზრუნველყოს. ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადების საჭიროება“,- განმარტა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება რეგულირებულ ჰიდრო და თბოსადურებს ექნებათ, ასევე იმ ჰესებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მაშინაც რეფორმის ამ ნაწილის გადავადების მთავარ მიზეზად სწორედ ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply