თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს,- ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დღის და ღამის ტარიფებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, თუმცა – „ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის“.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიაზე დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საწარმოებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ დენზე დიფერენცირებული ფასით ისარგებლონ. იმისთვის, რომ ბიზნესმა სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედებაა საჭირო, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმშია.
მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, მაგრამ ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის. განსაკუთრებით ეს თვალხილული იყო სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით. თუმცა, რომ შევხედოთ იგივე სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გვაჩვენებს, რომ ხანდახან ღამის საათებში ფასი არის უარყოფით. ამას აქვს თავის კონკრეტული ახსნა და ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე აქცენტი გავაკეთოთ. იმისთვის, რომ დავინახოთ რა განსხვავებაა დღის და ღამის ფასებს შორის, ის მაგალითიც კმარა, რომ ამ ზაფხულს ევროპულ ქვეყნებში იყო მინუსიანი ფასი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვყიდულობ ელექტროენერგიას და აქეთ მიხდიან ელექტროენერგიის ღირებულებას. მართალია ამას სხვა საფუძველი ჰქონდა, მაგრამ ეს განსხვავება არის თვალხილული“,- განაცხადა ირინა მილორავამ.
წყარო: bpn.ge