ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის მიმართ.

„გაზით ევროპის შანტაჟი სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს, „დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში. „ჩვენ წარმომადგენელთა პალატის მადლობელი ვართ თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებების შეტანისთვის, რაც გააჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სენატში უკრაინისა და ევროკავშირის ყველა მეგობარს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ შესწორებებს…“

შესწორებები, რომლებსაც ახსენებს უკრაინის პრეზიდენტი, ითვალისწინებს სანქციების შემოღებას კომპანია Nord Stream 2 AG-ს წინააღმდეგ, რომლის დამფუძნებელია „გაზპრომი“.

მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გაზსადენის ოპერატორ კომპანიას სანქციები არ დაუწესოს მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, დაიცვას უკრაინის ინტერესები და ზომები მიიღოს, თუკი რუსეთი ბუნებრივ აირს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებს. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონების შემთხვევაში თეთრი სახლი იძულებული გახდება, სანქციები დაუწესოს Nord Stream 2 AG-ს.

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრმა ზრდამ და რუსეთის უარმა, გაზარდოს მიწოდება, კრემლის მიმართ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი „ახლოსაა“ გაზის იარაღად გამოყენებასთან.

ამერიკელი კანონმდებლებისადმი სოციალური ქსელის მეშვეობით საჯარო მიმართვა უკიდურესად უჩვეულო ნაბიჯია. ჩვეულებრივ, ასეთი საკითხები დახურულ კარს მიღმა განიხილება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

Leave a Reply