გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ატომური ენერგეტიკა წიაღისეული საწვავის გამოყენების საწინააღმდეგო ეფექტური იარაღია და იგი კლიმატური კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განიხილებოდეს.
ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნების ნაწილის ასეთი პოზიციის გათვალისწინება და ატომური ელექტროსადგურების და ბირთვული ნარჩენების საცავების, აგრეთვე, „გარდამავალ ფაზაში”, 2030 წლამდე, ყველაზე ეფექტური გაზის ელექტროსადგურების კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებად კლასიფიცირება ატომური და გაზის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების მოხსნას ნიშნავს.
ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უნგრეთის, ფინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის მინისტრების მიერ ხელმოწერილ ასეთ მიმართვას ოქტომბრის ბოლოს დადებითათ გამოეხმაურენ ნიდერლანდები და შვედეთი.
გერმანული პრესის ცნობით, გუშინ, ევროკავშირის ზემოჩამოთვლილი ქვეყნების პოზიციის წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს გერმანიის, ავსტრიის, დანიის, ლუქსემბურგის და პორტუგალიის გარემოს დაცვის მინისტრებმა.
ბირთვული ენერგია არ შეიძლება ჩაითვალოს კლიმატური კრიზის გადაჭრის საშუალებად. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია, – ნათქვამია გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალურ მინისტრ სვენია შულცეს მიერ გავრცელებულ, ხუთი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში.
გერმანული პრესა აღნიშნავს, რომ დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნები არაპირდაპირ იმუქრებიან სასამართლო სარჩელებით იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის კომისია გაიზიარებს საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პოზიციას და ატომური ენერგეტიკის ეკოლოგიურად სუფთად კლასიფიცირებას მოახდენს.
ევროკავშირის ფინანსურ საკითხებში უფლებამოსილ კომისარ მეირიდ მაკგინესის თქმით, ატომური ენერგეტიკის და გაზის ელექტროსადგურების კლასიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული და ძალაში შევა თუ ამის შემდეგ ორი თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ არ წავლენ წევრი-ქვეყნები და ევროპარლამენტი.
ცნობისთვის:
○ გერმანიის მიერ 2020 წელს წარმოებული ელექტროენერგიის 12,5% ატომურ ელექტროსადგურებზე მოდის, 12,1% – ბუნებრივი აირის ელექტროსადგურებზე, 24,1% კი თბო (ქვანახშირის) სადგურებზე
○ „დღეს (რუსეთში) ნახშირბადისგან პრაქტიკულად თავისუფალი ენერგიის წყაროების წილი, და ეს, როგორც ვიცით, არის ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, ქარის, მზის ელექტროსადგურები, 40%-ს აჭარბებს, ბუნებრივი აირის, ნახშირწყალბადებს შორის ყველაზე დაბალნახშირბადიანი საწვავის ჩათვლით კი ეს წილი 86%-ს შეადგენს”, – განაცხადა გლაზგოს კონფერენცისადმი ვიდეომიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
○ რუსეთის მიერ 2020 წელს წარმოებული ელექტროენერგის 10,3% ატომურ ელექტროსადგურებზე მოდის, 24% თბო (ქვანახშირის) ელექტროსადგურებზე, 46% კი ბუნებრივი აირის ელექტროსადგურებზე
○ ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში სუფთა მწვანე ენერგიის (განახლებადი ენერგიის წილად) მოდის 74,7%, ხოლო თბოსადგურების (ბუნებრივ აირზე ან/და ქვანახშირზე მომუშავე) წილად კი 25,3%
წყარო: ipress.ge