დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ქვეყანას უმძიმესი ზამთარი და უძვირესი გაზაფხული ელოდება

ქვეყანაში პროდუქცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდება და ფასებმა პიკს მიაღწია. მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია და დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა კიდევ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით.

ეს პრობლემა მარტო საქართველოს კი არ მთელ მსოფლიოსაც უტევს, მაგრამ ჩვენ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც არაფრით არ ხერხდება. როგორც ექსპერტი სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს, ის მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია, ყველაზე ცუდი სცენარია.

„ბოლო დროს მსოფლიოში განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ძვირდება ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა ენერგომატარებლები, რაც შემაშფოთებელია. მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. როდესაც ენერგომატარებლები ძვირდება, ცხადია, ის იწვევს ყველაფრის გაძვირებას, შესაბამისად, აისახება ფასებზე და არის კიდეც მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, რაც ვერ დავინახეთ.

ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, შევხედოთ საწვავის ფასებს, მოსალოდნელია გაზის გაძვირებაც, რაც უკვე ითქვა კომერციულ ტარიფთან მიმართებით. ამას თავისთავად ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის ზრდა მოჰყვება. იმავდროულად იმოქმედებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ექსპორტის შემცირება და ამან კიდევ უფრო ძლიერად „დაარტყას“ ინფლაციას და საბოლოო ჯამში, ცხოვრების დონე მკვეთრად გააუარესოს“, – აღნიშნა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, მალე გამოსწორდეს.

ეროვნული ბანკი კი ვერანაირ იმედს ვერ იძლევა, რომ ვითარება მოგვარდება და დარეგულირდება, მათ შორის არათუ ამ ზამთარში, არამედ გაზაფხულზეც კი. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 2022 წლის მარტში წლიური ინფლაცია 6%-ზე მაღალი იქნება. ამის მიზეზად კი კობა გვენეტაძე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს.

როდესაც პროგნოზს ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ იმას რამდენი ხანია, რაც ეს პროცესი დაიწყო. თუ შევხედავთ, მაგალითად, ნავთობის ფასების ზრდას, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მუდმივად არ მოხდება და რაღაც დონეზე ეს გაჩერდება. საქართველოს შემთხვევაში იყო კომუნალური სფეროს სუბსიდირების საკითხი, რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ კი კიდევ უფრო დაუმატა ინფლაციას, მეთოდოლოგიის გამო.

ვფიქრობთ, ეს ფაქტორები მიილევა, რადგან ინფლაციას ჩვენ თვის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ წლიურ ჭრილში და 12 თვის შემდეგ უნდა შევამჩნიოთ სხვაობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი აგრძელებს ზრდას და ამავე დროს ხორბლის ფასებიც მატულობს, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით“, – განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მარეგულირებელი ინფლაციური პროცესების სამართავად ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს, რაც პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში გამოიხატება.

სებ-ის ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციამ ბოლო პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და მოკლევადიან პერიოდში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. მასზე მოქმედი, დიდწილად ერთჯერადი, ფაქტორების ამოწურვისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის რეაგირების შედეგად, მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება 2022 წლის მე-2 კვარტალიდან დაიწყება.

წყარო: for.ge

Leave a Reply