საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის განვითარება სწორი კურსით მიმდინარეობს.
კრიშტოფ კურეკიმ დადებითად შეაფასა ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო კვლევები ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონის მეშვეობით წარიმართება, რისი შესაძლებლობაც ბევრი განვითარებული ქვეყნის კვლევით ცენტრს არ აქვს. კურეკიმ ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
პოლონელი ფიზიკოსების ვიზიტი საქართველოში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. სტუმრები რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას მოინახულებენ.
პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტშია ჩართული. მათ შორის KM3NeT და NICA/MPD პროექტებში, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობს. პოლონეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის მასალათმცოდნეობის მიმართულების დირექტორი იაცეკ იაგიელსკი, მასალების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლუკაშ კურპასკა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი იაცეკ გაევსკი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, თსუ ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი რევაზ შანიძე და მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფო კობახიძე ესწრებოდნენ.