ნიუ-იორკის მერი: კრიპტოვალუტა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს

ნიუ-იორკის ახალარჩეული მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ სკოლებში კრიპტოვალუტა და მისი ტექნოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ის პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქალაქს კრიპტო-მეგობრულად აქცევს.

“როდესაც ვსაუბრობდი ბლოკჩეინსა და ბიტკოინებზე, ქუჩაში გამვლელი ახალგაზრდები გაჩერდნენ და მკითხეს: ეს რა არის?”,- თქვა ადამსმა კვირას CNN-ის State of Union-ზე. კითხვაზე, შეეძლო თუ არა აეხსნა ბიტკოინი, მან გაიცინა და თქვა, რომ ეს ექსპერტებისთვისაც კი გამოწვევაა.

“ბიტკოინი ნიშნავს საქონლისა და მომსახურების გადახდის ახალ გზას მთელ მსოფლიოში. და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – გავხსნათ ჩვენი სკოლები, რათა ვასწავლოთ ტექნოლოგია და ვასწავლოთ ახალი აზროვნება”,- ამბობს ადამსი.

კითხვაზე, წაახალისებს თუ არა ის ნიუ-იორკის ბიზნესებს, დაუშვან ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტაში გახადა, 61 წლის დემოკრატმა უპასუხა, რომ დააკვირდება და გადაწყვეტილებებს ფრთხილად მიიღებს, რადგან შეცდომის დაშვება არ სურს.

ახალარჩეულმა მერმა გასულ კვირას თქვა, რომ პირველ სამ ხელფასს ბიტკოინში აიღებს. მას სურს, რომ ქალაქი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის მიმზიდველი იყოს და ნიუ-იორკს მაიამის მსგავსი მონეტა ჰქონდეს. 2 ნოემბერს მერად არჩევის შემდეგ მან Bloomberg Radio-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “მეგობრული კონკურენცია” ექნება მაიამის მერთან, ფრენსის სუარესთან, რომელმაც პირველმა შექმნა ე.წ. CityCoin კრიპტოვალუტა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply