გაზის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო

8 ნოემბერს ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ამის მიზეზი გახდა ტრეიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთი ევროპაში ექსპორტს გაზრდის.

ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ გერმანიაში და ავსტრიაში გაზსაცავებში საწვავის დამატებით რაოდენობის ჩატუმბვის მითითება მისცა, რაც, ერთი შეხედვით, კარგი ახალი ამბავი იყო.

თუმცა, მას შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა და ტრეიდერები იმედგაცრუებას არ მალავენ – რუსეთს გაზსადენებში დამატებითი სიმძლავრეები არ დაუჯავშნია და სავარაუდოდ, საცავების შევსება უკვე არსებული მიწოდების ხარჯზე მოხდება, რომელიც არათუ საცავების ავსებისთვის, არამედ მიმდინარე მოხმარებისთვის არასაკმარისია.

ევროპულ ბაზარს, რომელიც კარს მომდგარი ზამთრის მოლოდინში მწვავე ენერგოკრიზისის მოლოდინშია, ეს დიდ შვებას ვერ მოუტანს – ამისთვის რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

რუსეთმა თავისი დაპირება ძალიან შეზღუდულ ფარგლებში შეასრულა. ევროპაში მთლიანი ექსპორტი არ გაზრდილა, იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში და ავსტრიაში „გაზპრომის“ საცავებში მარაგები მცირედით იზრდება.

ამის შედეგად, ევროპაში გაზის საშუალო ფასი 10%-ით გაიზარდა.

ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდოს, ცისფერი საწვავის ღირებულება ოდნავ შემცირდა – თუმცა, ტრეიდერები და ანალიტიკოსები 8 ნოემბერს ელოდნენ.

სწორედ ამ დღეს დაიწყო ევროპაში „გაზპრომის“ საცავების შევსებასთან დაკავშირებული პუტინის ბრძანების შესრულება. მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა, მიწოდება თითქმის არ გაზრდილა, შესაბამისად, გაზის ფასი ისევ ზემოთ ავარდა.

ბოლო პერიოდში რუსეთმა დასავლეთ ევროპაში გაზის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა და მიწოდების ზრდას ახალი გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას უკავშირებს. ენერგოკრიზისის პირობებში „გაზპრომი“ ევროპაში უკრაინის და პოლონეთის გავლით გაზის მიწოდებას არათუ არ ზრდის, არამდე ამცირებს.

ეს ღია და აშკარა სიგნალია ევროპელებისთვის – ან დააჩქარეთ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება და ამუშავება, ან ზამთარში გაიყინებით.

ევროპელი პოლიტიკოსები მოსკოვს საგაზო კრიზისის გაღვივებაში და ევროპის ენერგომარეგულირებლებზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ. თავად მოსკოვი კი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

თუმცა, ამავე დროს, მოსკოვი გაზის ექსპორტის ზრდას და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაჩქარებულ ამუშავებას შორის პარალელის არსებობას არ უარყოფს.

„სამწუხაროდ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირებაში პროგრესი არ შეინიშნება, როგორც ჩანს, ეს პროცესი დროს მოითხოვს და მთავარია – მოთმინება“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply