ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს

ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს.

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 29 ნოემბერს ვენაში განახლდება.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

18 ოქტომბერს, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს. თუ ამერიკელები სერიოზულად განწყობილნი არიან, მათ ირანს უსამართლო სანქციები უნდა მოუხსნან“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

Leave a Reply