ოპეკი, რუსეთი და ნავთობის სხვა მომპოვებელი ქვეყნები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას არ შეუშინდნენ და მოპოვების აქამდე დადგენილ დღე-ღამეში 400 000 ბარელზე მეტად გაზრდაზე უარი განაცხადეს.
ბაიდენი და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების ლიდერები რუსეთს, საუდის არაბეთს და გაერთიანებულ საემიროებს მოპოვების უფრო მნიშვნელოვან მატებას სთხოვდნენ, რადგანაც ნავთობის ღირებულება, რომელიც პანდემიის დროს მინიმუმამდე ჩამოიშალა, დღეს რეკორდულად იზრდება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ნავთობის გაძვირება რუსეთის და ოპეკ-ის მხრიდან მოპოვების ზრდაზე უარის შედეგი გახდა, მაგრამ ამ განცხადებამ ოპეკ+-ის ქვეყნების განწყობები ვერ შეცვალა – ისინი ზრდის მაჩვენებელს უცვლელად ტოვებენ.
მათ თავიანთი არგუმენტაცია აქვთ და ეს არაა მხოლოდ ძვირი ნავთობის წყალობით მეტი მოგების მიღების პერსპექტივა. ოპეკ+-ის განცხადებით, მომპოვებელი ქვეყნები ნავთობის ბაზრის სტაბილურობის და ბალანსის შენარჩუნებას ცდილობენ და ყურადღებით ადევნებენ თვალს ბაზარს იმისთვის, რომ მოპოვების მოცულობა მზარდ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, მათ ენერგომატარებლების სხვა ბაზრები – პირველ რიგში გაზის და ელექტროენერგიის – „უკიდურეს მერყეობაში და არასტაბილურობაში“ დაადანაშაულეს.
ოპეკ+-ის გადაწყვეტილების განმარტებისას საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბინ სალმანმა წარადგინა დიაგრამა, რომლის თანახმადაც, მარტის დასაწყისიდან ევროპაში გაზი 5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც ნავთობი – მხოლოდ მესამედით გაძვირდა.
ანალიტიკური ფირმა IHS Markit-ის დირექტორის ბხუშან ბახრის აზრით, მინისტრს იმის თქმა უნდოდა, რომ ოპეკ+ თავის ბაზარს გაზის და ელექტროენერგიის ბაზრებზე უკეთესად არეგულირებს და ამიტომაც კრიტიკას არ იმსახურებს.
„საუდის არაბეთში მოპოვება პანდემიამდელ დონეს უკვე დაუბრუნდა, ხოლო მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელში – შტატებში, ჯერ კიდევ 2019 წელზე ბევრად ნაკლებია. ამიტომაც, დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა თუ თავად ამერიკა თავისივე მოპოვებას გაზრდიდა“, – ამბობს ბახრი.
შტატებში ნავთობის ფასის შემცირებისთვის სტრატეგიული მარაგების გამოყენების შესაძლებლობა განიხილება, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ამას მხოლოდ დროებით შემსუბუქება მოჰყვება. ამავე დროს ნავთობზე მოთხოვნის მდგრადობაც ეჭვებს იწვევს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ევროპაში პანდემიის გავლენა შემცირდა, მაგრამ კვლავ არსებობს, ამიტომაც ნავთობზე მოთხოვნა მცირდება. ბოლო დღეებში ნავთობი მცირედით – 80 – 78 დოლარამდე გაიაფდა და სწორედ ამ არასტაბილურობის გამო ოპეკ+-ის ქვეყნებს მოპოვების უფრო მნიშვნელოვანი ზრდა არ სურთ.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მომპოვებელ ქვეყნებს აქვთ თავიანთი, არანაკლებად მწვავე პრობლემები – მაგალითად, ინვესტიციების დეფიციტი.
„არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ძვირი ნავთობის პერიოდი, რამდენად სწრაფად გამოვა მსოფლიო პანდემიიდან და რამდენად დაჩქარდება მწვანე ენერგეტიკის დანერგვა. ამ ვითარებაში მოპოვების ზრდას აზრი არა აქვს – რომელიცინვესტორი ჩადებს სერიოზულ კაპიტალს მოპოვებაში 3-4 წლით?“, – განაცხადა მან.
იმ პირობებში, როდესაც „მწვანე ლობის“ ზეწოლა იზრდება, ოპეკ+-ის ქვეყნები მაქსიმალური მოგების მიღებას და რეზერვების შექმნას შეეცდებიან, იმისთვის რომ მომავალში ინვესტიციები იმ დარგებში ჩადონ, რომლებიც პერსპექტივაში ნავთობ-გაზს ჩაანაცვლებენ.
გარდა ამისა, ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, რუსეთში, მოპოვება მაქსიმუმს მიუახლოვდა და მეტი ზრდის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს.
უახლოეს თვეებში ნავთობი მსოფლიოში მთავარი ენერგორესურსის სტატუსს შეინარჩუნებს და მისი ღირებულება ზრდას განაგრძობს, თუმცა, მოპოვება მოთხოვნას მაინც ვერ დაეწევა იმის გამო, რომ ინვესტორებს არ სურთ სერიოზული თანხების ჩადება დარგში, რომელიც შესაძლოა ერთხელაც მოკვდეს.
შედეგად, სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი ხანგრძლივი და ძალიან მძიმე აღმოჩნდება.
წყარო: “კომერსანტი”