გლობალური ენერგოკრიზისი მძაფრდება, ბუნებრივი აირის დეფიციტსა და მისი ღირებულების გახუთმაგებას, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნავთობის დეფიციტიც დაემატა.
გაზი მსოფლიო ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდის, „მწვანე ენერგიაზე“ ზედმეტად ფორსირებული გადასვლისა და ევროპის გაზსაცავების არასაკმარისი შევსების გამო გაძვირდა. იმათ, ვისაც გაზი არ ეყო, ენერგიის სხვა, უფრო ბინძურ წყაროებზე, პირველ რიგში, ნავთობზე და ნახშირზე, გადასვლა მოუწია. შედეგად, შავ ოქროზე მოთხოვნა უახლოეს თვეებში დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაიზრდება და ეს მინიმალური პროგნოზია, გაზის დეფიციტის გაღრმავების შემთხვევაში, მოთხოვნა 700 000 ბარელით გაიზრდება, – ასეთია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნა.
თუმცა, ოპეკ + -ის ქვეყნების მიერ მოპოვების გაზრდა ყველაზე ადრე იანვარშია მოსალოდნელი. ეს ცუდი ამბავია მომხმარებლებისთვის, რადგანაც ენერგომატარებლების გაძვირება მრეწველობის აღდგენას აფერხებს, მოქალაქეებს კი ჯიბეზე ურტყამს. მათ კომუნალური ტარიფების გადახდის შემდეგ, სამომხმარებლო ხარჯებზე სულ უფრო და უფრო ნაკლებ ფული რჩებათ.
შედეგად, ეკონომიკა ორმაგ დარტყმას იღებს, ზრდა ფერხდება, ფასები კი იზრდება. მომპოვებელი ქვეყნებისთვის კი, პირიქით, ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია. ნავთობის ფასმა უკვე 85 დოლარს გადააჭარბა და ეს ზღვარი არაა.
დღევანდელი კრიზისი ნედლეულის მომპოვებლებს კიდევ ერთი მიზეზის გამო ახარებთ: ენერგოკრიზისმა ენერგორევოლუცია მკვეთრად შეაფერხა და დაანახა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს, რომ სუფთა ენერგიის მომავალში გადასვლა მათ ხარჯზე მოხდება.
ამ ვითარებაში ნავთობის და გაზის მომპოვებლებს ახალი ინვესტიციების მოზიდვა შეუძლიათ, მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ მსხვილი ფონდები ფულს ნედლეულის მოპოვებაში დაბანდებისგან თავს იკავებდნენ.
წიაღისეული ენერგიის მომხმარებელთა ასოციაციამ, IEA -მ, განაცხადა, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესში კაცობრიობას არაერთი დღევანდელი მსგავსი კრიზისი ელის. როდესაც გაზი, მზე, და ქარი არასაკმარისია, რჩება ნავთობი და დიზელ-გენერატორი.
ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ბოლო წლების მანძილზე კაპიტალდაბანდებები ატომში, ნახშირში, გაზში და ნავთობში მკვეთრად შემცირდა, ხოლო ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკაში არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 2 მლრდ. ადამიანით მოიმატებს.
IEA მიიჩნევს, რომ ამ ჩიხური მდგომარეობიდან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, – სუფთა ენერგეტიკაში და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მკვეთრი გაზრდა, ოღონდ, ეს სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგეტიკულ ბაზრებს მშფოთვარე მომავალი ელის.
წყარო: “კომერსანტი”