სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 123 მილიონამდე ლარის საინვესტიციო პროექტები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 123 მილიონამდე ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.

​შპს „თბილისი ენერჯი“ 2022-2026 წლებში 32 927 455 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქალაქ თბილისში გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. მათ შორის, ახლად მიერთებულ არეალში (სოფლები: კუმისი, მუხრანთელეთი, ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი) ქსელის სრულ რეაბილიტაციას.

სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 445 000 ლარს შეადგენს. კომპანია უზრუნველყოფს ქსელის საიმედოობას, მდგრადობისა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, დაზიანებული და მოძველებული აქტივის შეცვლას.

​შპს „დიდი დიღომის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 63 602 ლარს შეადგენს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ან მოძველებული აქტივების ჩანაცვლებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2022-2026 წლებში 41 686 630 ლარის ინვესტიციას განახორცილებს. საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, მოწესრიგდება აღრიცხვიანობა და აშენდება დამატებითი ახალი ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ქსელს.

​43 809 123 ლარს შეადგენს სს „საქორგგაზის“ 2022-2026 წლების საინვესტიციო გეგმების მოცულობა. კომპანია უზრუნველყოფს აღრიცხვის მოწესრიგებას, მრიცხველების შეცვლასა და საცხოვრებელი ფართიდან გამოტანას, გაზსადენის მონაკვეთებზე რეაბილიტაციას.

​შპს „თელავგაზი“ 2022-2026 წლებში განახორციელებს 3 989 003 ლარის ინვესტიციას. კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ჩანაცვლება, გაზის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება.

Leave a Reply