კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2030 წლისთვის ბუნების აღდგენისა და სასურსათო სისტემების მოდერნიზაციისთვის 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
„მე ვიცოდი, რომ კოსმოსში გაფრენის შემდეგ იცვლება ხედვა, რომლითაც სამყაროს ვუყურებთ. მაგრამ მე არ მეგონა, რომ ეს ასეთი დიდი სხვაობა იქნებოდა, უნდა გავერთიანდეთ, რათა მსოფლიო დავიცვათ“, – განაცხადა ბეზოსმა.
ჯეფ ბეზოსი ამჟამად მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანია. მან კაპიტალი 1994 წელს კომპანია Amazon-ის დაფუძნების შემდეგ მოიპოვა. მიმდინარე წლის ივლისში ბეზოსმა Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ბეზოსმა თავის გამოსვლაში 2040 წლისთვის მისი კომპანიის მიერ ატმოსფეროში ნახშირბადის ამოფრქვევის ნულამდე შემცირების პირობა დადო. ამისთვის 2025 წლისთვის მიტანის სერვისის ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლება იგეგმება.