რამ გამოიწვია ფასების ზრდა ნავთობზე

ნავთობი ძვირდება. ლონდონში, ICE Futures Europe–ზე Brent–ის მარკის ნავთობის ფასი $83-86-ის დიაპაზონშია.  ორშაბათის ვაჭრობაზე დეკემბრის ფიუჩერსების პიკური ფასი $86-ს აჭარბებდა. ეს 2018 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. გაძვირდა დასავლეთტეხასური ნავთობიც – WTI $83 ღირს. წლიურ ჭრილში Brent-ის ფასი თითქმის გაორმაგებულია. ბოლო 1 თვეში 12%-იან ზრდას აჩვენებს.

 

ფოტო: CNBC

რატომ ძვირდება შავი ოქრო?

მაღალი მოთხოვნა და მიწოდების შეფერხების მოლოდინი –  ეს არის მთავარი მიზეზი, რაც ბოლო თვეებში ნავთობის ფასის აღმავალ ტრენდს განაპირობებს.

ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ერთ–რთი უმთავრესი მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის ზრდაა. ხანგრძლივი „ლოქდაუნების“ შემდეგ შეზღუდვების მოხსნამ ნავთობის მოხმარება გაზარდა. ზრდას მიწოდება ვერ ეწევა.

ნავთობმწარმოებლებმა პანდემიის დროს მოპოვება შეამცირეს და ამით ფასების რეკორდული ვარდნის შეჩერება შეძლეს. ვითარების შეცვლის მიუხედავად, OPEC და მისი მოკავშირეები წარმოების გაზრდას არ ჩქარობენ. შეთანხმებული გეგმით, თვის განმავლობაში დღიური მოპოვება მხოლოდ 400 ათასი ბარელით გაიზრდება, მაშინ, როდესაც მათივე პროგნოზით, წელს ნავთობის დეფიციტი, დღე–ღამეში 1,1 მილიონი ბარელი იქნება. ოქტომბერში დანაკლისი 1.2 მილიონ ბარელს მიაღწევს.

ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი გლობალური ენერგეტიკული კრიზისია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ითრევს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მომდევნო წლების უმთავრესი გამოწვევა ენერგომატარებლებზე წვდომა იქნება.

მოსალოდნელი ცივი ზამთრისა და ნედლეულის არასაკმარისი მარაგების მიზეზით, გაზისა და ქვანახშირის ფასი რეკორდებს ხსნის. გაზის ღირებულება 4-ჯერ არის გაზრდილი ($1200-1300).  6 ოქტომბერს 1000 კუბ.მეტრზე ფასი $1 962-მდეც გაიზარდა. ბაზარი ალტერნატივას ეძებს და ეს ალტერნატივა ნავთობია.

რა ელის ნავთობის ბაზარს?

გლობალურ საფინანსო ინსტიტუტში Goldman Sachs ფიქრობენ, რომ უახლოეს წლებში ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. საბაზისო სცენარით, წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი $90-ის ნიშნულთან ახლოს იქნება.

„მიმდინარე ფასი  არ არის სეზონური შოკი, როგორც ეს გაზის შემთხვევაშია. ფაქტობრივად, ეს არის ნავთობის ბაზრის მნიშვნელოვანი გადაფასება. ნავთობის მოპოვებაში ინვესტიციების ნაკლებობა, მოთხოვნის ზრდის პირობებში, მიუთითებს სტაბილურად მაღალ ფასზე, სულ მცირე, მომავალ წელს“, – განაცხადა CNBC–სთან Goldman Sachs–ის ენერგეტიკული კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა დემიენ კურვალინმა.

ფასებზე დამატებით ზეწოლას ავიარეისების აღდგენა მოახდენს. საავიაციო ნავთზე მოთხოვნის ზრდას ელიან ნოემბრიდან – აშშ-ის მიერ ორჯერადად აცრილი ვიზიტორებისთვის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

ნავთობის ფასების ამ ტრენდის შესაჩერებლად ერთდროულად სამი რამ არის საჭიროთუ OPEC+ მოულოდნელად გაზრდის მოპოვებას; თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თბილი ამინდები იქნება და თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავთობის სტრატეგიუ მარაგებს გახსნის“, – მიიჩნევს ონლაინვაჭრობის, სავალუტო და ანალიტიკური სერვისების კომპანია OANDA–  უფროსი ანალიტიკოსი ედვარდ მოია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს – IEA-ს  პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნის სწრაფი აღდგენა მოსალოდნელი არ არის. მოთხოვნა კრიზისამდე არსებულ დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება. კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო,  2021 წელს კი, მოთხოვნის ზრდაზე პროგნოზი დღე–ღამეში 5.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. წინა პროგნოზი 5.5 მილიონი ბარელი იყო.

წყარო: businessfeed

Leave a Reply