სემეკი თელმიკოზე: შეგვიძლია საქმიანობაც შევუწყვიტოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, თანხების ზედმეტობით დარიცხვის პრობლემის განმეორების შემთხვევაში, მარეგულირებელმა შესაძლოა, ჯარიმაზე უფრო მკაცრი სანქციაც გამოიყენოს და კომპანიას ოპერირების უფლება შეუჩეროს.

“კანონით შეგვიძლია გავაორმაგოთ ჯარიმა, იმ შემთხვევაში თუ ფინანსურ სანქციაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ასევე შეგვიძლია საქმიანობის უფლებაც შევუწყვიტოთ, თუ დავინახეთ რომ კომპანია ვერ ართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რაც აკისრია. გარწმუნებთ დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება ნამდვილად აღარ იქნება”,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა “ბიზნეს ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

მისივე განცხადებით, “თელმიკომ” 200 ათას მომხმარებელს ზედმეტობით დარიცხული მილიონ ლარამდე თანხა უკვე ჩამოაწერა.

“კომპანიაში არსებული ნებისმიერი ხარვეზი რა თქმა უნდა, მოდის მენეჯმენტისგან. სხვაგვარად გამორიცხულია, თუმცა აქ საქმე გვქონდა არა განზრახ გაკეთებულ ქმედებასთან, არამედ ტექნიკურ შეცდომასთან. მოგეხსენებათ, ძალიან მკაცრად მივუდექით კომპანიას, შევისწავლეთ ბოლომდე საკითხი და იმის გარდა, რომ დავავალეთ გადაეანგარიშებინათ აბონენტებისთვის დარიცხული ეს ტარიფი, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა გამოვიყენეთ, რათა მომავალში ასეთი ხარვეზი აღარ იყოს”,- აცხადებს ფანგანი.

ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი არასწორად დარიცხვის გამო სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით დააჯარიმა და მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply