საქართველო საწვავის სიძვირით რეგიონში პირველია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემიდან ირკვევა, ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანში, ხოლო ძვირი საქართველოშია. სიძვირით საქართველოს სომხეთიც ჩამორჩება.
რაც შეეხება ევროპულ ბაზრებს, ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება ნიდერლანდებში, ხოლო ყველაზე იაფად საწვავი რუსეთშია.
კერძოდ, 27 სექტემბრის მდგომარეობით, პრემიუმის მარკის ბენზინის საშუალო ფასი ნიდერლანდებში 1.98 ევროს შეადგენს, სუპერის მარკის ბენზინი – 2.06 ევროდ იყიდება, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1,63 ევროს შადგენს. რაც შეეხება ფასებს პორტუგალიაში, პრემიუმის მარკის ბენზინი 1,75 ევრო ღირს, „სუპერის ტიპის ბენზინი – 1,79 ევრო, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1,56 ევროს შეადგენს. იტალიაში პრემიუმის მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,72 ევროს, სუპერი 1.91 ევროდ იყიდება, დიზელის საწვავის ფასი კი 1,57 ევროა.
რაც შეეხება რუსეთს, რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულება 0,54 ევროა, პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი 0,59 ევროს შეადგენს, სუპერი 0,68 ევროდ იყიდება, ხოლო დიზელი 0,59 ევრო ღირს.
საქართველოს შემთხვევაში, საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ასეთია: რეგულარის მარკის ბენზინი – 0,77 ევრო, პრემიუმის მარკის ბენზინი – 0,84 ევრო, სუპერის მარკის ბენზინი – 0,86 ევრო, დიზელის საწვავი – 0,79 ევრო.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ფასს განსაზღვრავს გადასახადების სიდიდე, რაც ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და განსაკუთრებით იმპორტიორ სახელმწიფოებშია ძვირი, მათ შორის, საქართველოში.
„საწვავის ფასები მუდმივად მატულობს, პროგნოზი ამ მხრივ არასაიმედოა, რადგან გაძვირების დინამიკა ჯერჯერობით გაგრძელდება. ფაქტობრივად ყველა ტიპის საწვავი ძვირდება, განსაკუთრებით – ევროპაში, სადაც ნიდერლანდები პირველ პოზიციაზეა. საქართველოს მსგავსად, ისიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მხრივ საგადასახადო დაბეგვრა სერიოზულ როლს ასრულებს. ქვეყნებში სადაც წარმოება არ აქვთ, დაბეგვრის განსხვავებული სისტემა მოქმედებს. ის, რომ ყველაზე დაბალი ფასი რუსეთშია, მოულოდნელი არ არის, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა“, – ამბობს მთვრალაშვილი.
მისი თქმით, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მაღალი ფასია. რეგიონში ნავთობპროდუქტებზე ფასების სიდიდით თითქმის ანალოგიურ დონეზეა სომხეთი.
,,სამეზობლოდან აზერბაიჯანი და რუსეთი თავად მომპოვებელი ქვეყნები არიან, მაგრამ საქართველოში საწვავი სომხეთსა და თურქეთზე უფრო ძვირი ღირს. არადა, იქ ყოველთვის მაღალი ფასები ფიქსირდებოდა და აქედან გამომდინარე, საქართველოდან ხდებოდა ამ მიმართულებით დიზელის საწვავის გადინება. ახლა, 7-8 ცენტით უფრო დაბალი ფასია, ვიდრე, ვთქვათ, საქართველოში“, – დასძენს ვანო მთვრალაშვილი.
ამ ეტაპზე სომხეთში 1 ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 0,81 ევრო ღირს, პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი 0,83 ევროა, სუპერის ტიპის ბენზინი 0,87 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი 0,80 ევროდ იყიდება.
ყველაზე იაფი საწვავი რეგიონში აზერბაიჯანშია, სადაც „რეგულარის მარკის ბენზინის ფასი 0,49 ევროა, „პრემიუმის მარკის ბენზინისა – 0,72 ევრო, „სუპერის ბენზინი 0,79 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 0,40 ევროს შეადგენს.
მთლიანობაში, საწვავის ფასები ევროპაში ბოლო 3 წლიან მაქსიმუმზეა. პირველი სამეულის ქვეყნებში, როგორიც ნიდერლანდები, პორტუგალია და ფინეთია, საწვავის ფასი დაახლოებით ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს 25-30%-ით აღემატება.
წყარო: “კომერსანტი”