შავ ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადო 2027 წლისთვის თურქეთის შიდა საჭიროებების თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ფათიჰ დონმეზის თქმით, თურქეთმა შესაძლოა, 2023 წელს წლიურად 3.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოება დაიწყოს.
მიზანი წარმოების დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში წლიური წარმოების 15 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იქნება, რაც ევროკავშირის წარმოების დაახლოებით მეოთხედს უდრის.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენა თურქეთის $765 მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულად გამოაცხადა. მან პირობა დადო, რომ წარმოება თანამედროვე თურქეთის დაარსების 100 წლისთავზე, 2023 წელს დაიწყება.
თურქეთის მთავრობა არ გეგმავს საერთაშორისო ნავთობკომპანიების მოწვევას საბადოებზე, რადგან სახელმწიფოს მიერ მართულ Tpao-ს წარმოებისთვის საკმარისი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს.
წყარო: “ბიზნესფორმულა”