რუსეთში კალინინის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი ავტომატურად გაჩერდა. ამის შესახებ sotnik-tv.com იუწყება.
სადგური დაცვის ავტომატურმა სისტემამ გათიშა. ელექტროსადგური ტვერის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. „სადგურის გათიშვის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა“ – ნათქვამია სადგურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დანარჩენი სამი ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რადიაქტიური ფონი სადგურზე და მიმდებარე ტერიტორიაზე „ფონურ მაჩვენებლებს შეესაბამება“.
კალინინის ატომური ელექტროსადგური ქალაქ უდომლიას მახლობლად მდებარეობს. ეს ცენტრალურ რუსეთში ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელია. სადგურს ოთხი წყლის ტიპის ატომური რეაქტორი გააჩნია. თითოეულის სიმძლავრე 1000 მეგავატს უდრის.