გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე, ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ნარჩენების წარმოქმნასთან და დასაწყობებასთან.
თემატური მოკვლევა წარიმართება რამდენიმე თვის განმავლობაში და სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე გარკვეული შედეგები იქნება მზად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ასევე წარმოადგინა იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც თემატურ მოკვლევას წარმართავს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ასევე მთავრობის მიერ რატიფიცრებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” განიხილა.
საკითხი ეხება ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის. ასევე გაუმჯობესდება ამინდის პროგნოზირების სისტემა.