არბიტრაჟის შემთხვევაში საქართველოს ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს – აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ თუ კომპანია “ენკა” საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას წამოიწყებს, სახელმწიფოს კომპანიისთვის ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტას, მისი თქმით, ქვეყანამ 800 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა.

“რა თქმა უნდა, უარყოფითი სიგნალია არა მხოლოდ ჩვენი სექტორის, არამედ სხვა დარგების ინვესტორებისთვისაც. როდესაც მთავრობა თავად აცხადებს ტენდერს, თავად იწვევს ინვესტორებს პროექტის განსახორციელებლად, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უკვე არაერთი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროექტში, ვერ ახერხებს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას თვეების განმავლობაში და მიდის იქამდე, რომ შეწყვიტოს კონტრაქტი, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, დავა მოუწევს მთავრობას კომპანიასთან არბიტრაჟის სასამართლოში და ასეულობით მილიონი დოლარით დაჯარიმდება პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა”,- განუცხადა აბრამიშვილმა “ბიზნეს ფორმულას”.

რაც შეეხება ზოგადად “ნამახვანჰესის” პროექტის პერსპექტივას, აბრამიშვილი ამბობს, რომ შეცვლილი პირობებითაც კი მთავრობას მომავალში ახალი ინვესტორის მოზიდვა გაუჭირდება.

“ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ საერთოდ ინვესტორი მოიძებნოს ამ პროექტისთვის. ზოგადად ენერგეტიკაში დამატებით ინვესტიციების მოძიება ძალიან რთული იქნება. მაგრამ თუ თეორიულად დავუშვებთ ამას, ნამდვილად ბევრად მეტ გარანტიას მოითხოვს ინვესტორი სახელმწიფოსგან და ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება ქვეყანას”,- აცხადებს აბრამიშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია ENKA საქართველოს მთავრობასთან “ნამახვანჰესის” ხელშეკრულებას წყვეტს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ საქართველოს მთავრობას უკვე აცნობეს 2019 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply