ევროპაში ბუნებრივ გაზზე უკიდურესად მაღალმა ფასებმა საყურადღებო გახადა ის ფაქტი, რომ რუსეთმა მოულოდნელად შეამცირა ცისფერი საწვავის მიწოდება.
დღეს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – შეეძლო თუ არა მოსკოვს გაზის მიწოდების გაზრდა იმ დონემდე, რომ ევროპაში საფასო კოლაფსი არ დამდგარიყო?
არის თეორია, რომლის თანახმადაც მოსკოვის მიზანი იყო ევროპაში გაზის იმ დონეზე გაძვირება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ არანაირი კითხვა არ გარჩენილიყო. მოსკოვი მოითხოვს გერმანიის და ევროკავშირის მარეგულირებლებისგან გაზსადენის ამუშავების უფლების მინიჭებას, თანაც „გაზპრომისთვის“ ხელსაყრელი პირობებით.
კერძოდ, რუსული გაზის გიგანტი საწვავის მოპოვების, ექსკლუზიური ტრანსპორტირების და განაწილების უფლების მიღებას ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ამ ვითარებაში გაზის ფასი 800-900 დოლარი და ზამთარში მოსალოდნელი დეფიციტი მოსკოვის ხელში ყველაზე ძლიერი და დამაჯერებელი იარაღია.
ამ დროისთვის გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, ნებართვის გაცემა, როგორც უკვე ითქვა, მნიშვნელოვნად ფერხდება.
ამ დღეებში ევროპარლამენტის 40–მა წევრმა „გაზპრომის“ მიმართ ანტიმონოპოლიური გამოძიების ჩატარება მოითხოვა – მათ სურთ გაიგონ, გახდა თუ არა „გაზპრომის“ ბოროტი განზრახვა გაზზე ფასების კატასტროფული ზრდის მიზეზი.
„გაზპრომი“ და მისი მცველები ყველა ბრალდებებს უარყოფენ – მათი თქმით, რუსულმა ენერგოგიგანტმა ევროპის წინაშე თავისი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა, გაზის დეფიციტის მიზეზი კი ისაა, რომ მოთხოვნა აზიაშიც გაიზარდა და სხვა მიმწოდებლებმა პრიორიტეტად სწორედ ეს მიმართულება ჩათვალეს.
გარდა ამისა, ბალანსის გაუარესება თავად ევროპაში მოპოვების შემცირებამაც გამოიწვია. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ვითარების შეცვლა ძალიან მარტივად შეუძლია – მათი აზრით, რუსული გაზის მიწოდება 2021 წელს ნაკლებია, ვიდრე 2020 წელს.
გარდა ამისა, რუსეთმა გაზის დამატებითი რაოდენობის ევროპაში მიწოდებაზე უკრაინის გავლით უარი განაცხადა, რამაც ფასების ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
„გაზპრომის“ საჯარო განცხადებებს სიტუაციაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შემოაქვს – კომპანიამ აღიარა, რომ შიდა ბაზარზე მარაგებს წინა წელზე აქტიურად ავსებს, შესაბამისად, საექსპორტოდ მას ნაკლები საწვავი რჩება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდა შეუძლია, ოღონდ მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მეშვეობით.
ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ დღევანდელი გაზის კრიზისის მიზეზია რუსეთის მხრიდან ევროპისთვის ხელების გადაგრეხის მცდელობა. ისმის კითხვა – თუ რუსეთი მზადაა გაზარდოს მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით, რა უშლის მას ხელს დღეს?
უკრაინულ მარშრუტს ამის ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, თუმცა მოსკოვი მათ არ იყენებს და მიწოდებას უკრაინის გავლით არათუ ზრდის, არამედ ამცირებს. ეს „გაზპრომის“, როგორც ბიზნეს-პარტნიორის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამყარებს აზრს, რომ მოსკოვი გაზს სხვადასხვა ქვეყნებზე და სხვადასხვა მიზეზებით ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
ჯერ ზამთრამდე ბევრი დროა დარჩენილი, თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ზამთარშიც რუსეთიდან მეტი გაზი არ წავა ევროპაში და ბებერი კონტინენტის მოსახლეობას სიცივისთვის მზადება მოუწევთ.
წყარო: “კომერსნტი”