საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ინვესტიციების უმეტესობა მიმართულია ქვეყნის გაზიფიცირებაზე. მასში ჩადებული თანხა 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ხსენებულის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
მისივე სიტყვებით, 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია უკვე განხორციელდა სხვადასხვა რეგიონების გაზიფიცირებაში. “საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში მსხვილ ინვესტიციებს. ზოგიერთ სოფელში გაზის მიწოდებას შესაძლოა არც კი ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი, თუმცა, მსგავს შემთხვევებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება სამუშაო პროცესები” – დაამატა მან.
აბდულაევმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ია, რაც მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
ნინო სამადაშვილი