საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 120%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ივლისში მოხმარებამ 7.83 მლრდ კილოვატ საათს გადააჭარბა.

მათ შორის, პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი საწარმოების მოხმარებამ 1.84 მლრდ კილოვატ საათი შეადგინა. პარალელურად, იზრდება ელექტროენერგიის იმპორტიც. შვიდ თვეში ქვეყანაში 1.7 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 120%-ით მეტია.

ენერგეტიკოსები გაზრდილ ენერგომოხმარებას გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას უკავშირებენ. ამასთან, მათი განმარტებით, ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

“წლის პირველ თვეებში „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის გამო შედარებით დიდი მოცულობის იმპორტი დაგვჭირდა. მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებშიც გაიზრდება და მოთხოვნის დასაბალანსებლად სავარაუდოდ, კვლავ დაგვჭირდება თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც. რაც შეეხება მოხმარების ზრდას, აქ დიდი წვლილი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთს, სადაც როგორც ჩანს, კრიპტომაინინგი კვლავ აქტუალურია“,- განაცხადა ენერგეტიკოსმა, გია არაბიძემ.

ცნობისთვის, 7 თვეში ოკუპირებულმა აფხაზეთმა 1.76 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია მოიხმარა, რაც თბილისში „თელასის“ აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობასაც აღემატება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply