მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა.
„ამ ოჯახების უმეტესობა ან უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, ან ქსელზე დაერთდება ამ დღეებში. გაზიფიცირების პროცესს ვაგრძელებთ და მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ უახლოესი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლები ასი პროცენტით იქნება გაზიფიცირებული. ასევე ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, გურიაში ასევე დიდი პოტენციალია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
„აქ არის ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე ადამიანები, ძალიან გემრიელი სამზარეულო – ეს არის სწორედ ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, რისთვისაც ჩვენ ახალი პროგრამა ავამოქმედეთ – ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გრანტები, თანაგარანტირება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი გეგმებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც სულ მცირე, შვიდი მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ახალი პროგრამების ფარგლებში, რაც ძალიან აქტუალურია გურიისთვის – ეს არის ლურჯი მოცვის, ასევე თხილის კულტურების განვითარების პროგრამები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გურიაში ამ მიმართულებებს ხელი შევუწყოთ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.