ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ.

4 სექტემბერს რაისიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი მთავრობა „მართავს შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებას“. საფრანგეთმა და გერმანიამ – ევროპის კავშირის წევრებმა, რომლებიც ბირთვული შეთანხმების მონაწილეები არიან, ირანს მოუწოდეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ირანში არჩევნებს ივნისში, რის შედეგადაც რაისი აირჩიეს პრეზიდენტად. რაისის თქმით, ირანი არ ყოყმანობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ ამერიკელები და დასავლეთი დიალოგს ესწრაფვიან ზეწოლით.

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ირანმა 20-პროცენტიანი ურანის წარმოება დაიწყო. ეს იწვევს შეშფოთებას, რომ ირანს შეეძლება იარაღისთვის საჭირო ურანის წარმოება.

2015 წლის შეთანხმებით, რომლიდანაც აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანმა საპასუხოდ ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების ხარისხის გაზრდა, თეირანს შეუძლია 3,67-პროცენტიანი სიწმინდის ურანის წარმოება. შეთანხმებით, ირანი ზღუდავდა ბირთვულ პროგრამას, მაგრამ სამაგიეროდ თეირანს უმსუბუქებდნენ სანქციებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply