სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა ალან სვიდლერმა ლექციაზე ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებისა და უსაფრთხოებას შორის კავშირზე ისაუბრა. განიხილა, ასევე, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება, ენერგეტიკული პერსპექტივები და მათი კავშირი ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან მიმართებაში.
,,ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო კონსოლიდაციია საჭირო. კლიმატის ცვლილებები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა, როგორც საერთო უსაფრთხოების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად და გლობალურ გამოწვევად. ვფიქრობ, ენერგორესურსების გონივრულ მართვასა და ალტერნატიული ენერგიების სულ უფრო მეტი ინტენსივობით გამოყენებაშია გამოსავალი“,- აღნიშნა სვინდლერმა.
მსოფლიო ენერგეტიკული რესურის 80% ნავთობზე, ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე მოდის. 1850 წლიდან 2000 წლის ჩათვლით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ენერგო მოხმარება. განვითარებად ქვეყნებში მომავალი 30-50 წლის მანძილზე ენერგეტიკაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. მეცნიერის რეკომენდაციით, გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად, საჭიროა ენერგოეფექტური მანქანების, ნათურებისა თუ სხვა მსგავსი პროდუქტისა და მოწყობილობების შექმნა. ამ პრობლემის გადაჭრაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2048 წლისთვის მსოფლიოს მოსახლება 9-11 მილიარდს მიაღწევს. მათ შორის მოსახლეობის 78.9 % აზიასა და აფრიკაში იქნება თავმოყრილი. თუმცა როგორც პროფესორმა სვიდლერმა განაცხადა, მოსახლეობის პოპულაციის ზრდის მიუხედავად, ენერგო რესურსების მოხმარების შემცირება სწორედ ალტერნატიული მეთოდების შექმნით არის შესაძლებელი. პროფესორი სვიდლერი 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს. ის იყო სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. მუშაობდა აშშ-ის სენატში ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, ეს პირველი ლექცია არ ყოფილა. აქამდე საჯარო ლექცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა და მეცნიერებათა დოქტორმა სტენლი მალოიმ წაიკითხა.