Nord Stream 2 გაზსადენს არ ექნება უფლება კომერციულ რეჟიმში დაიწყოს მუშაობა, განაცხადა Naftogaz უკრაინის ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ.
მან აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, მილსადენი უახლოეს რამდენიმე კვირაში დასრულდება, ასევე, ნებადართული იქნება სატესტო რეჟიმში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაც, გამართულობის შესამოწმებლად.
თუმცა, ვიტრენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ კომერციული ექსპლუატაცია შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ მილსადენი არ იქნება დამოწმებული გერმანული მარეგულირებლის მიერ. ასევე, აუცილებელია ევროკომისიისგან ოფიციალური ნებართვაც.
“იმისათვის, რომ ოპერირება იყოს ნებადართული ევროპული მარეგულირებლის მიერ, უბრალოდ აუცილებელია, Nord Stream-ის ოპერატორმა დაამტკიცოს სრული შესაბამისობა ევროპულ კანონმდებლობასთან. აღნიშნული კი საეჭვოა რომ მოხდეს” – ციტირებს უკრაინული კომპანიის ხელმძღვანელს “რია ნოვოსტი”.
ნინო სამადაშვილი