საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
ასევე თანაინვესტირების ფონდმა ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power ხელი მოაწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს.
„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. როგორც ცნობილია კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარია.
ჰესების საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1,743.7 მლნ კვტ/სთ. წარმოებული ელექტროენერგია არამარტო შიდა ბაზარს მოხმარდება, არამედ მისი დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პარალელურად, განხორციელდება პროექტის დეტალური კველვა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. წინასწარი გათვლებით აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.
ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით: „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. დღეს საფუძველი ეყრება „ხუდონჰესის“ შემდეგ ყველაზე მძლავრი პროექტის, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ განხორციელებას, რომელიც 1.7 მილიარდ კვტ.სთ-ით გაზრდის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებას.“ განაცხადა კალაძემ
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო მხარეს, ამ ეტაპზე ინვესტიციას სრულად ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთანაც.
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით ცხენისწყლის ჰესების კასკადი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ობიექტი იქნება ენგურჰესისა და ხუდონჰესის შემდეგ. მან ასევე ისაუბრა აღნიშნული პროექტის გავლენაზე ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, ბაჩიაშვილის თქმით ცხენისწყლის ჰესების კასკადი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.
„მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ფონდისთვის ამ ეტაპზე არამარტო ენერგეტიკის, არამედ ყველა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტია. წინასწარი გათვლებით იგი $723 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორცილებას და დამატებით 347.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ყველაზე მძლავრია „ენგურჰესის“ და „ხუდონჰესის“ პროექტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კასკადის საშუალო წლიური გამომუშავების დაგეგმილი მაჩვენებელი (1743.7 მლნ კვტ.სთ) საქართველოს ამჟამინდელი ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 17%-ზე მეტს შეადგენს.
პროექტი ძალიან საინტერესო და კომპლექსურია ტექნიკური და სამშენებლო თვალსაზრისითაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ ენერგეტიკის სამინისტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე დამატებით ხელი მოვაწერეთ საკონსულტაციო ხელშეკრულებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის ევროპულ საინჟინრო კომპანიებთან Verkís და LandsvirkjunPower, რომლებიც განახორციელებენ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას. სწორედ მათი ჩართულობით „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ კომპლექსური პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწებადა საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება.
აღსანიშნავია, რომ „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებით საგრძნობლად გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც. კასკადის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე განვითარდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება სოციალური პროგრამები, დასაქმდება ათასობით ადამიანი და ყოველწლიურად ცენტრალურ და რეგიონალურ ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახლა არსებულ მდგომარეობას.“- განაცხადა ბაჩიაშვილმა