17 აგვისტოს, უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაახლა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ათი უმსხვილესი პროექტის შესახებ, რომლებიც უკვე 2021 წელს ხორციელდება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
New Europe, ენერგეტიკის მინისტრ ალიშერ სულთანოვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 2021 წელი გარდამტეხი იქნება უზბეკეთისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება 2030 წლისთვის. “ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა, რათა სრულად მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება, ასევე, ხელი შევუწყოთ ელექტროენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას. ჩვენ გვაქვს უამრავი გრანდიოზული პროექტი, რომელიც დანერგვის პროცესშია, ზოგი მათგანი უკვე დასრულებულიცაა. მე მოხარული ვარ გაუწყოთ პროგრესის შესახებ. უზბეკეთი ერთგულია პოლიტიკური მიზნისა, გაზარდოს ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ქვეყნის ენერგომოხმარებაში ” – აღნიშნა სულთანოვმა.
უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, განხორციელებული ენერგეტიკული პროექტების მასშტაბებსა და დანერგვის სისწრაფეს ქვეყნის ისტორიაში ანალოგი არ აქვს და მოიცავს სხვადასხვა დარგებსა და მიმართულებებს: განახლებადი ენერგიის წყაროებს, ობიექტების რეკონსტრუქციას, უნიკალურ გათხევადებული გაზის პროექტს, გამრიცხველიანების სისტემებს, გაუმჯობესებულ მონიტორინგსა და ონლაინ კონტროლს:
1. ბოლო ექვსი თვის მანძილზე გაფორმდა 10 კონტრაქტი თერმული, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. მათი საერთო სიმძლავრეა 4,341 მეგავატი, რაც უზბეკური ელექტროსადგურების ამჟამინდელი სიმძლავრის მესამედია.
2. ორი დიდი მზის ელექტროსადგური, თითოეული 100 მგვტ სიმძლავრით, ამოქმედდება ნავოის და სამარყანდის რეგიონებში.
3. 2021 წლის ბოლოსთვის, ამუშვდება 1800 მგვტ სიმძლავრის თბო და მზის ელექტროსადგურები.
4. 2021 წლის ბოლოსთვის, 17 ქვესადგურზე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები დამონტაჟდება, რომელთა საერთო სიმძლავრე 1568 მგვტ-ია. წლის ბოლომდე ასევე დაიწყება სამი საინვესტიციო პროექტი: “გუზარ-რეგარის” გადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია (500 კვ სიმძლავრე); ქვესადგურ “სურხანში” ღია გამანაწილებელი კვანძების (OSG) გაფართოება (500 კვ სიმძლავრე); “პაპ-ნამანგან-ანდიჯანის” ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის გარე ობიექტების ელექტრომომარაგების საბაზო ქვესადგურის მშენებლობა.
5. 15 ათასი კმ-იანი დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია და განახლება. ეს არის მსგავსი მასშტაბის პირველი რეკონსტრუქცია უზბეკეთის ელექტროენერგეტიკის ისტორიაში.
6. წლის ბოლომდე, 4 ათასი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია.
7. დასასრულს უახლოვდება ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი რეგიონში და ერთადერთი ამ ტიპის დსთ-ს მასშტაბით – უზბეკეთის გათხევადებული გაზის პროექტი კაშკადარიის რეგიონში.
8. ელექტროენერგიის გამრიცხველიანებისა და კონტროლის ავტომატური სისტემის დაყენება ქვეყნის ყველა ( 7.3 მილიონი) აბონენტისათვის.
9. სისტემის ავტომატიზირების ფარგლებში, თანამედროვე გაზის მრიცხველები უფასოდ დამონტაჟდება 3.5 მილიონზე მეტ მომხმარებელისთვის.
10. დასრულდება საყოფაცხოვრებო გაზის ბალონებზე შტრიხკოდების განთავსება. თხევადი გაზის ბალონების მონიტორინგი მოხდება ონლაინ რეჟიმში.
ნინო სამადაშვილი