ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მზად არის ლიბანს დამატებითი საწვავი მიაწოდოს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, თეირანი დაეხმარება ლიბანს, რომ მან საწვავის კრიზისი მოაგვაროს.
„ჩვენ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად ვყიდით და ჩვენი მეგობრების საჭიროების შესაბამისად. მზად ვართ ბეირუთში საწვავის დამატებითი პარტია გავაგზავნოთ“ – განაცხადა ჰათიბზადემ.
ლიბანში ამჟამად მწვავე ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანაში საწვავის და სავალუტო რეზერვების უკმარისობაა, შიიტური დაჯგუფების, „ჰესბოლას” წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ირანი ლიბანში საწვავს გააგზავნის. მათ ასევე გააფრთხილეს აშშ და ისრაელი, რომ ირანული ტანკერების წინააღმდეგ პროვოკაციები არ განახორციელონ.
ბეირუთში და ლიბანის სხვა ქალაქებში საწვავზე უზარმაზარი რიგები დგას. ექსპერტები უახლოეს დღეებში ბენზინის ორჯერ გაძვირებას არ გამორიცხავენ.