მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო დღეებში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა და Brent $66–ის სიახლოვეს, ხოლო WTI — $63–თან ივაჭრება. როგორც „კომერსანტს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ნავთობზე ფასები ბოლო პერიოდში მცირდება, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, თუმცა, მისივე თქმით, სამომავლოდ როგორ გაგრძელდება ტენდენცია, ამის პროგნოზირება რთულია.
„ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის შემცირება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით არის გამოწვეული, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის პანდემია, რადგან პანდემიის გამწვავება მსოფლიოში გარკვეულ შეზღუდვებთან, მათ შორის მოძრაობის და გადაადგილების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, ასევე ზაფხულის, ანუ ნავთობზე მოთხოვნის პერიოდი იწურება, აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიური პერიოდი პანდემიას დაემთხვა, ეს ყველაფერი ნავთობზე მოთხოვნის შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია, რაც საბოლოოდ ფასზე აისახა.
პანდემია და ზაფხულის გასვლა ინვესტორებში და ტრეიდერებში ქმნის მოლოდინებს, რომ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება, რაც თავისთავად ფასზე იმოქმედებს, თუმცა ამას რამდენად ტენდენციური ხასიათი ექნება, არ ვიცი. ის ფასი, რაც დღეს ბაზარზე დაფიქსირდა, მიმდინარე წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ექნება თუ არა ამას ტენდენციური სახე, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ფასზე სხვადასხვა მოვლენა და სიტუაცია ახდენს გავლენას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კლებას მატება მოჰყოლია. ამიტომ პროგნოზზე ვერავინ საუბრობს, თუმცა ის ფაქტი, რომ ფასი მკვეთრად არის დავარდნილი, უდავოა“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
მან საქართველოს ბაზარზე არსებული მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოს კვლევის მიხედვით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველოში დიდი კონკურენციაა და როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ კომპანიებს შორის ფასები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია.
„ევროკავშირის ქვეყნებს რომ შევხედოთ, იქ ფასებს შორის კონკურენცია ერთ ორ ცენტშია, ჩვენთან ბრენდირებული ფასები რომ შევადაროთ, აბსოლუტურად სხვადასხვა ფასებია. მეორე მხარეს არის არაბრენდირებული კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი სეგმენტი აქვს. იქ აბსოლუტურად სხვა ფასებია წარმოდგენილი, ამიტომ საწვავის ბაზარზე არსებული კონკურენცია არის იმის ფაქტორი, რომ თუ კომპანიას რეალობა და ვითარება აძლევს ფასის შემცირების საშუალებას, ის პირველივე შესაძლებლობისთანავე ამცირებს ფასს იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში ჰქონდეს გაყიდვა. მაგრამ დღეს გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ფასის ფაქტორი აქტუალურია და ის ბოლო დღეების განმავლობაში მცირდება, ეს რამდენიმე დღის ცვლილება საწვავის ბაზარზე ვითარებას არ ცვლის. მაგრამ თუ ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, ფასებიც შეიცვლება, რადგან როდესაც ახალი იმპორტი ხდება და საბითუმო ბაზარი, სადაც არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები ყიდულობენ პროდუქტს, ადგილობრივ ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასების ცვლილებაზე ყოველთვის მყისიერად აისახება“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
მთვრალაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეში გარკვეული პროდუქციის მიწოდების, ანუ ლოგისტიკური პრობლემა გამოიკვეთა, რაც ასევე ფასზე ახდენს გარკვეულ გავლენას.
„როდესაც გარკვეული სახის პროდუქციის დეფიციტი იქმნება, მიმდინარე ეტაპზე არის ასეთი მომენტები, გარკვეული კატეგორიის ამა თუ იმ ქვეყნიდან მოწოდებული პროდუქციის დეფიციტი იქმნება, აქ საუბარია პროდუქციაზე, რომელიც შედარებით იაფ ფასიანია, მაგალითად თურქმენული პროდუქტი, თურქმენთიდან ხდება დიზელის და ბენზინის იმპორტი, აქედან მოწოდებებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია, მათ შორის რუსეთიდან არის პრობლემები მოწოდებებთან დაკავშირებით, ეს გავლენას ახდენს, ამიტომ მთლიანობაში, რომ ვთქვათ ფასების შემცირება, რა თქმა უნდა აუცილებლად მოახდენს გავლენას ადგილობრივ ბაზარზე, ყოველ შემთხვევაში ფასების დასტაბილურებას აუცილებლად უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა რაღაც ეტაპის მერე, როდესაც დაბალფასიანი პროდუქტი, უშუალოდ საცალო ქსელში შემოვა, მათ შორის ამ ქვეყნებიდან მოწოდება სრულფასოვნად აღდგება, რა თქმა უნდა მოცემულობის, მათ შორის ფასების ცვლილება მოხდება“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
წყარო: “კომერსანტი”