ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა ახალი სამეცნიერო გარღვევის შესახებ, რომელიც კოსმოსიდან მზის ენერგიის მოპოვების პროგრამის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის საბოლოო მიზანი ორბიტაზე მომუშავე ელექტროსადგურების შექმნაა, რომლებიც შეაგროვებენ მზის ენერგიას 24 საათის განმავლობაში, გადააქცევენ მას ტალღებად და გადასცემენ დედამიწაზე მიმღებებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქსელთან.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, 2021 წლის ბოლოს, ხსენებულ პროგრამის ფარგლებში, დაიწყება ენერგიის ტალღების შორ დისტანციებზე გადაცემის პირველი ექსპერიმენტები. იტყობინება South China Morning Post.
ცდები ჩატარდება ქალაქ ჩუნცინში. აღნიშნულ პროექტზე მომუშავე მეცნიერებმა უკვე მოახერხეს ენერგიის გადაცემა 300 მ მანძილზე. მომდევნო ეტაპზე ისინი გეგმავენ ენერგიის გადაცემას თვითმფრინავიდან, რომელიც აგროვებს მზის ენერგიას დედამიწიდან 20 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე. ხსენებული ექსპერიმენტის ერთ-ერთი უმთავრესი სირთულე ის არის, რომ ენერგია უნდა გადაეცეს უაღრესად ფოკუსირებულად და ზუსტად, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაცემისას დაკარგები და სერიოზული დაზიანებები, რომელიც მსგავსი სიმძლავრის სხივის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ტერიტორიაზე, სადაც ის დაეცემა.
თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ორბიტალური მზის ელექტროსადგურები შეძლებენ ენერგიის გაგზავნა 36 ათასი კილომეტრის მანძილზე. პირველი, 1 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, ჩინეთის ხელისუფლების გათვლებით, 2030 წლისთვის უკვე იქნება ორბიტაზე. 2049 წლისთვის ხსენებული ან უკვე რამდენიმე ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 გვტ-მდე გაიზრდება.
ნინო სამადაშვილი