საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენებით, შეშფოთებულია და მიმდინარე მოვლენაზე დაკვირვებას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.

ისინი მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, რომ კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი.

„7 აგვისტოს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დადასტურდა, რომ ნოვოროსიისკთან ახლოს მოხდა ნავთობის შავ ზღვაში ჩაღვრა. სხვადასხვა მონაცემებით, ნავთობის ლაქა 15 და 19 და ბოლო ვარაუდით 85 კილომეტრზე გაიშალა, რაც უკვე ცდება რუსეთის საზღვაო არეალს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციეს ნავთობის დაღვრის ფაქტს. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავინდებულად ახდენს ინფორმაციის დამალვას. როგორც შემდეგში გაირკვა ნავთობის გაჟონვა მოხდა ბერძნული ტანკერის დატვირთვისას კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალიდან. კონტრაქტორი შავი ზღვის ნავსადგურში არის ტრანსნეფტ-სერვისი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტრანსნეფტის– ის შვილობილი კომპანია.

ეროვნული პლატფორმა შეშფოთებულია ამ ფაქტით და აგრძელებს მიმდინარე მოვლენაზე დაკვირვებას. მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს კონტროლზე აიყვანონ საკითხი. მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის მეშვეობით (კონვენციისა და ხელშეკრულების ფარგლებში) რუსეთის ფედერაცია აიძულონ გამჭირვალე და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს. საყურადღსაღებოა, რომ პირველი საფრთხე, ნავთობის ფართოდ გაშლის შემთხვევაში, აფხაზეთის გასწვრივ არსებულ წყლებს მიადგება.

შესაბამისად, პლატფორმა გააგრძელებს თვალის დევნას მიმდინარე პროცესებზე და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს უზრუნველყონ ყველა შესაბამისი პროცედურა შავი ზღვისთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად. აგრეთვე, მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას განახორციელოს სათანადო სამუშაოები, რათა თავიდან აცილებული იქნას შესაძლო სამომავლო ეკოლოგიური კატასტროფა მოუწესრიგებელი სისტემებისა და გაზრდილი ნავთობმოპოვების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply