ევროკავშირიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდება შვიდი თვის განმავლობაში 8-ჯერ შემცირდა

ევროკავშირიდან უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2021 წლის იანვარ-ივლისში რვაჯერ შემცირდა (8.05 მილიარდი კუბური მეტრით) 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის” პრესსამსახური იტყობინება.

მათი განცხადებით, მიწოდების უმეტესი ნაწილი ივლისზე მოდის – 498 მილიონი კუბური მეტრი. ივნისში იმპორტმა შეადგინა 90 მილიონი კუბური მეტრი, მაისში – 8 მილიონი კუბური მეტრი, აპრილში – 77 მილიონი კუბური მეტრი, მარტში – 8 მილიონი კუბური მეტრი, თებერვალში – 29 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო იანვარში – 439 მილიონი კუბური მეტრი.

ამავდროულად, შვიდ თვეში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 93% ქვეყანამ მიიღო უნგრეთიდან და პოლონეთიდან, ეგრეთწოდებული “ვირტუალური რევერსით” (backhaul). აღნიშნული საშუალებას აძლევს “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის” ოპერატორებს დაზოგონ ტრანსპორტირების ხარჯები.

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემა” ასევე აღნიშნავს, რომ სლოვაკეთთან “ვირტუალური პუნქტის” შექმნის საკითხი კვლავაც ღიად რჩება. კომპანია აგრძელებს მუშაობას ხსენებული მიმართულებით – შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოსთან – ACER–თან.

””ვირტუალური პუნქტების” აზრი არა დაზოგვა, არამედ გაზის იმპორტის შესაძლებლობების გაფართოებაა. ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი სატრანზიტო მოცულობებით “ვირტუალური რევერსის” მეშვეობით. აღნიშნულმა მოხსნა მრავალი ტექნიკური და ფიზიკური შეზღუდვა. ნაწილობრივ, შარშანდელი გაზსაცავების წარმატებით შევსება განპირობებული სწორედ “ვირტუალური პუნქტებით” იყო. უკრაინამ გაზის უმეტესი ნაწილი შემოიტანა “ვირტუალური რევერსის” გზით, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შენარჩუნება 2024 წლის შემდეგაც” – განაცხადა “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის” ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წელს 12%-ით გაიზარდა (1.7 მილიარდი კუბური მეტრით) 2019 წელთან შედარებით – 15.9 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ქვეყანამ სლოვაკეთიდან მიიღო 10.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, უნგრეთიდან – 4.2 მილიარდი კუბური მეტრი, პოლონეთიდან – 1.5 მილიარდი კუბური მეტრი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოცულობების 45% იმპორტირებული იყო “ვირტუალური რევერსით”, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა 2020 წლის დასაწყისიდან.

უკრაინის ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, რომელიც ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის წმინდა იმპორტმა შეადგინა 9.243 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 20%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (11.554 მილიარდი კუბური მეტრი).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply