ემანუელ მაკრონი ირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის ახალ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ემანუელ მაკრონმა ირანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვული საქმიანობა, რომელსაც ის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევით ახორციელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ირანს, სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები ვენაში, რათა შეთანხმება გაფორმდეს.

5 აგვისტოს ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

29 ივლისს აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

Leave a Reply