იაფი ბუნებრივი აირის ეპოქა დასრულდა. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, მოთხოვნამ საწვავზე, რომელიც ერთ დროს მარტივად ხელმისაწვდომი იყო, მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას, რითაც გამოიწვია ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში.
სააგენტომ აღიარა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აირი იყო უხვად და იაფად. თუმცა, ახლა, შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში მიწოდების შეწყვეტისა და აზიაში მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ფასებიც გაიზარდა – მაგალითად, ევროპაში, 2020 წლის მაისიდან, ბუნებრივი აირის ფასი ათასი(!) პროცენტით გაიზარდა.
გაზის ფასების ზრდა საბოლოოდ იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორზე და გაზრდის ინფლაციის რისკს. აღნიშნული კი განსაკუთრებით დააზარალებს ღარიბ ქვეყნებს, რადგან, როგორც წესი, მათი ენერგეტიკული პოლიტიკა მორგებულია ბუნებრივ აირზე, რომელიც, მათი გათვლებით, დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო იაფ საწვავად.
იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გაზის ფასების ზრდაზე, არის ერთჯერადი – გამოწვეული კორონავირუსის გამო მიწოდების ჯაჭვის დარღვევითა და შემდგომ პანდემიის გავლენისგან ეკონომიკის მეტ-ნაკლებად განთავისუფლებით. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულის გარდა, მრავალი ქვეყნის მიერ ენერგეტიკული სტრატეგიების გადახედვამაც იქონია გავლენა – მათ გადაწყვიტეს ბუნებრივ აირზე გადასვლა, რათა სწრაფად და ეკონომიურად დაეწყოთ ნახშირბადის ემისიების შემცირება.
ICE Futures–ის ბირჟის მონაცემების თანახმად, ევროპაში გაზის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 543 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხსენებული ფასი დაფიქსირდა “გაზპრომის” იამალის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ფონზე.
აფეთქება და ხანძარი მოხდა 5 აგვისტოს ღამეს, მხოლოდ 6 აგვისტოს დილით გახდა შესაძლებელი მისი სრულად ლიკვიდირება. “Lenta.ru” იუწყება, რომ ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ ციმბირში გაზის გადამამუშავებელი კომპლექსის გათიშვა. აღნშნულის გამო, წარმოება იამალ-ნენეცის ავტონომიური რაიონის აღმოსავლეთით თითქმის მთლიანად შეწყდა.
ხანძრის გამო, იამალ-ევროპის გაზსადენში გადატვირთული ბუნებრივი აირის მოცულობა განახევრდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა, მაგრამ დაზიანებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტები ორი ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე და მასში არსებული ტექნიკა.
ნინო სამადაშვილი