ისრაელი მზად არის, ირანს დაარტყას მისი აგრესიისა და ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.
ბენი განცის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ირანი საერთაშორისო და რეგიონული პრობლემაა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გააგრძელოს თავისი შესაძლებლობების განვითარება უამრავ ფრონტზე გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.
„ირანი ისრაელისთვის უამრავ ფრონტზე გამოწვევების შექმნას ცდილობს და თავის ძალებს აძლიერებს ლიბანსა და ღაზაში, შეაიარაღებულ დაჯგუფებებს ათავსებს სირიასა და ერაყში და იემენში თავის მხარდამჭერებს უწევს დახმარებას. ირანი გლობალური და რეგიონული პრობლემაა და ისრაელისთვის გამოწვევაა“, – აღნიშნა ბენი განცმა.
3 აგვისტოს ირანის მიერ ომანის მახლობლად ისრაელის ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ოფიციალური თეირანი გააფრთხილა.
„მთელი მსოფლიოს მობილიზებისთვის ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც დრო მოვა, ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ მარტო. ირანმა იცის, რა ფასს ვაკისრებთ მათ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნაფტალი ბენეტის თქმით, ირანელებმა უნდა გაიაზრონ, რომ შეუძლებელია მშვიდად იჯდე თეირანში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაამწვავო.
2 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ ომანის მახლობლად ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა ირანმა განახორციელა.