აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა მალე დასრულდება, რისი წყალობითაც, რუსეთი მილიარდობით დოლარს მიიღებს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებით მან სერიოზულად გაართულა გაზსადენის მშენებლობა, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის განხორციელებას ხელს არ უშლის.
„ჯო ბაიდენმა მსოფლიოში ყველაზე დიდი გაზსადენი (რუსეთიდან გერმანიაში) დაამტკიცა, რაც ამავდროულად იმას გულისხმობს, რომ გერმანია უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გაზსადენის მშენებლობა ორ თვეში დასრულდება, რაც რუსეთს მილიარდობით დოლარს მისცემს.
„ანგელა მერკელმა ეს გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გაზსადენი დიდი შეცდომაა გერმანიისთვის. გერმანიას უკვე შეუძლია თეთრი დროშა აღმართოს, რადგან ენერგომატარებლების 60-70%-ს რუსეთისგან მიიღებს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.