ხუთშაბათს, ირანმა ოფიციალურად დაიწყო ნავთობის ექსპორტი ახალი მილსადენით ორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა ონლაინ-ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეს არის პასუხი შეერთებული შტატების მიერ ირანული ნავთობის ექსპორტის ბლოკირებაზე.
ცერემონიალზე რუჰანმა შეერთებული შტატები “ეკონომიკურ ომშიც” დაადანაშაულა, რომელიც ხელს უშლის ირანული ნავთობის ექსპორტს და ირანის სანავთობო მრეწველობის განვითარებას.
ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
ირანის მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანმა პირველი ნავთობტერმინალი გახსნა ომანის ყურეში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ნავთობის ექსპორტისთვის თავიდან აიცილოს ჰორმუზის სრუტის სატრანზიტო მარშრუტის გამოყენება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რეგიონალური დაძაბულობის ეპიცენტრი იყო.
მისი თქმით, ეს ირანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ქვეყანა საკუთარი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს. რუჰანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით უკვე გაიგზავნა 100 ტონა ნავთობი, რაც აშშ-ის სანქციების მარცხს ნიშნავს. მისი თქმით, ირანი დღეში ერთი მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის ექსპორტს გეგმავს ჯასკის პორტიდან, საიდანაც გემები ნავთობის გადაზიდვას პირდაპირ არაბეთის ზღვის გავლით განახორციელებენ. ჰორმუზის ყურე ვიწრო არხია სპარსეთის ყურეში, საიდანაც ირანი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ერაყი, კატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ნედლი ნავთობის ექსპორტს ახორციელებენ.
ირანი ადრე იმუქრებოდა ორმუზის სრუტის გადაკეტვით, თუ აშშ თავისი სანქციებით მოახდენდა ირანული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვას.