„გაზპრომის“ ხელმძღვანელი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპელ მომხმარებლებს უფრო იაფი გაზით უზრუნველყოფს

კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპელ მომხმარებლებს უფრო იაფი გაზით უზრუნველყოფს.

„გაზპრომი“ ყოველთვის მიიჩნევდა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეკონომიკური პროექტია. ამ პროექტის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ბაზარზე გაზის მიწოდების საიმედოობა, სტაბილურობა და დივერსიფიცირება, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის გაზის საფასურის შემცირება“, – აღნიშნა ალექსეი მილერმა.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი განაგრძოს 2024 წლის შემდეგაც, თუმცა ეს საბაზრო პირობებისა და ფასის შესაბამისად უნდა მოხდეს.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Leave a Reply