საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა.
მართალია ბოლო თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მზარდი სტატისტიკის გამო, საქართველოში საწვავის ფასის კლება ან რეგულირება არ აღინიშნება.
რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს, ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც. ერთ წელიწადში მატება 41.84% იყო. მისი საშუალო ფასი საქართველოში 2,97 ლარია.
ერთ წელიწადში 32.52%-ით გაიზარდა ფასი Premium 98-ის საწვავზე და მისმა საშუალო ფასმა დაახლოებით, 3 ლარი შეადგინა. ასევე 37.23%-ით მოიმატა ფასმა დიზელის ტიპის საწვავზე და მისი საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 2,88 ლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი 4.34%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,35 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ თვეში თხედავი გაზის ფასი შემცირების ტენდენციას ავლენდა და მისმა კლებამ 10.15% შეადგინა.